dipski-head.jpg


დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით 2017 წელს გუდაურში საფუძველი ჩაეყარა ყოველწლიურ დიპლომატიურ სათხილამურო შეჯიბრს - “Dipski”.

ტურნირში მონაწილეობას იღებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საქართველოს მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. 

შეჯიბრის მიზანია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაცია.



გუდაურში დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი გაიმართება

8.02.2018 - ​საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით,  მთის კურორტების განვითარების სააგენტოსა და საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის ოფისის თანაორგანიზებით, 2018 წლის 10 თებერვალს გუდაურში  გაიმართება დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი „DipSki2018“. ტურნირი, მეორედ ტარდება და მიზნად ისახავს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციას. 

„DipSki2018“ მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები.

შეჯიბრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. საგარეო უწყების ხელმძღვანელი ისაუბრებს საქართველოს ზამთრის კურორტების პოტენციალზე და ამ მიმართულებით მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტზე, რაც ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებას წარმოადგენს. მინისტრი ასევე ისაუბრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას უმასპინძლოს 2023 წელს მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატს და 2030 წელს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს. მიხეილ ჯანელიძე სტუმრებს გააცნობს ამ მიმართულებით მთავრობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს.  

აღსანიშნავია, რომ „DipSki2018“-ის ფარგლებში ტურნირის მონაწილეები ასევე მოინახულებენ სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას, რომელიც ევროპაში ყველაზე მაღალ წერტილზე, ზღვის დონიდან 2800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სკოლა მიზნად ისახავს სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში და სხვა მაღალი რისკის აქტივობებში ჩართული კადრების პროფესიულ მომზადებას და ამ მიმართულებით კიდევ უფრო უსაფრთხო გარემოს შექმნას. სათხილამურო შეჯიბრის პარალელურად, ღონისძიების სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ სათავგადასავლო სკოლის სიმულაციაში და ჩაერთვებიან ზვავში მოყოლილი ადამიანების გადარჩენის ოპერაციაში.

სათხილამურო ტურნირის გამარჯვებულები სპეციალურად ღონისძიებისთვის დამზადებული თასებით დაჯილდოვდებიან, ხოლო სათავგადასავლო სკოლის სიმულაციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი - “Dipski” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივაა, რომელიც პირველად გასულ წელს გაიმართა და ტრადიციად იქცა. „DipSki2018“-ის პარტნიორები არიან მთის კურორტების განვითარების სააგენტო და გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის ოფისი.

შეჯიბრის პროგრამისა და სხვა დეტალების სანახავად იხილეთ მიმაგრებული ფაილი