ნორვეგიის სამეფო

 

2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს ნორვეგიის სამეფოში გასამგზავრებლად ვიზა არ ესაჭიროებათ!

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი გაცემული უნდა იყოს ბოლო 10 წლის განმავლობაში და ძალაში უნდა იყოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვების თარიღიდან არანაკლებ სამი თვე.
 
ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ვიზის გარეშე გამგზავრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით - ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში 90 დღით. რეკომენდირებულია გამგზავრებამდე „შენგენის კალკულატორის“ გამოყენებით შემოწმდეს ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნის ნებადართული დღეების რაოდენობა: https://ec.europa.eu/assets/home/visa-calculator/calculator.htm?lang=en
 
უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით!

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით გამგზავრების სურვილის შემთხვევაში, ისევ იმოქმედებს სავიზო რეჟიმი და საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს.
 
უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული 90 დღის განმავლობაში მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა:

  • ტურისტული მოგზაურობა;
  • ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება;
  • საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა;
  • საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და გამოფენებში მონაწილეობა;
  • მოკლევადიანი სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა;
  • სამედიცინო სერვისებით სარგებლობა - მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ოპერაცია
 
მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოგთხოვოთ შემდეგი საბუთები:
  • ბიომეტრიული პასპორტი
  • დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
  • სასტუმროს მოქმედი ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი.
ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა ევროკავშირის/შენგენის წევრი თითოეული ქვეყნის შიდა კანონმდებლობით განისაზღვრება. სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, როგორც წესი, არ აღემატება დღეში 50 ევროს.

 
კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:
  • ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;

ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:
  • ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);
  • მასპინძლის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი.

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად სასურველია თან იქონიოთ:
  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
  • მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.
 

უვიზო მგზავრობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ  ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის გზამკვლევს: http://mfa.gov.ge/visa-free-guide.aspx
 
ასევე დეტალურ ინფორმაციას თითოეული ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka.    
 
 
 
 

არაბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს ნორვეგიის სამეფოში გასამგზავრებლად კვლავ ესაჭიროებათ ვიზა!

მოკლევადიანი–90 დღემდე ვიზა გაიცემა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ, ხოლო გრძელვადიანი ვიზა გაიცემა ქ. ბაქოში (აზერბაიჯანის რესპუბლიკა) ნორვეგიის სამეფოს საელჩოს მიერ.

ვიზებზე საბუთების შემოტანა ხდება მხოლოდ წინასწარი სატელეფონო შეთანხმების შემდეგ. საბუთების მიღების დღე და საათი შეგიძლიათ შეათანხმოთ: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00 სთ-მდე ტელეფონის ნომერზე 8 0 900 007 033 გვარისა და პასპორტის ნომრის მითითებით. ერთი ზარის ღირებულება შეადგენს 3 ლარს.

ქ. თბილისში საფრანგეთის საკონსულოში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • საერთაშორისო პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე, გაცემული ბოლო 10 წლის განმავლობაში და უნდა შეიცავდეს 2 თავისუფალ გვერდს. ასევე, პასპორტის მთავარი გვერდის ასლი ;
  • წინა პასპორტის, ვიზებისა და სასაზღვრო ბეჭდების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • პირადობის მოწმობა + 1 ასლი;
  • 1 ფოტოსურათი 3X4 ;
  • ბილეთის ჯავშანი;
  • ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე, სრულყოფილად შევსებული სავიზო განაცხადის ფორმა: http://www.ambafrance-ge.org/;
  • სამგზავრო/სამდიცინო დაზღვევა სავიზო მოთხოვნის პერიოდისთვის ( ორიგინალი და ასლი);
  • მოწვწვა ნორვეგიაში არსებული კომპანიისა თუ ორგანიზაციის მიერ, მოლაპარაკებებში, კონფერენციებსა თუ სავაჭრო ან საქმიანი ტიპის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად +1 ქსერო ასლი; ასევე, მიმპატიჟებელი ორგანიზაციის მიერ ბინისა და მგზავრობის ხარჯების თავის თავზე აღება ან ცნობა ბანკიდან (პირადი ან დამფინანსებელი კომპანიის საბანკო ანგარიშის ბოლო 3 თვის ამონაწერი);
  • სასტუმროს ჯავშანი;
  • ცნობა სამუშაო ადგილიდან (სტუდენტებისთვის ცნობა სასწავლებლიდან);
  • არასრულწლოვანებმა (18 წლამდე) უნდა წარმოადგინონ მშობლების ნებართვა და დაბადების მოწმობა, ორივე დოკუმენტი ფრანგულად ან ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული. ნებართვაში უნდა ფიგურირებდეს მოგზაურობის ქვეყანა და თარიღები);
  • სავიზო მოსაკრებელი შეადგენს 35 ევროს ექვივალენტს ლარებში (საელჩოს გაცვლითი კურსის მიხედვით;

ყველა ქართული საბუთი ბარდება ინგლისურ ან ფრანგულ თარგმანთნ ერთად;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საელჩოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე: http://www.ambafrance-ge.org/ და ასევე ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდზე: http://www.regjeringen.no/nb/dep/ud.html?id=833

ქ.თბილისში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები:
მისამართი: კრწანისის ქ. 49 ტელ: 2721490,
ფაქსი: 2721355
ელფოსტა: ambafrance@access.sanet.ge

ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.regjeringen.no/nb/dep/ud.html?id=833

http://www.regjeringen.no/nb/dep/ud.html?id=833
მისამართი: ISR Plaza, 11th floor
69 Nizami Street
Baku, Azerbaijan
Tel: +994 12 505 25 66
Fax: +994 12 505 25 67
E-mail: emb.baku@mfa.no / visum-bak@mfa.no (visa)