პორტუგალიის რესპუბლიკა

 
2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს პორტუგალიის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად ვიზა არ ესაჭიროებათ!

საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი გაცემული უნდა იყოს ბოლო 10 წლის განმავლობაში და ძალაში უნდა იყოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიის დატოვების თარიღიდან არანაკლებ სამი თვე.
 
ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ვიზის გარეშე გამგზავრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტით - ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში 90 დღით. რეკომენდირებულია გამგზავრებამდე „შენგენის კალკულატორის“ გამოყენებით შემოწმდეს ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე ყოფნის ნებადართული დღეების რაოდენობა: https://ec.europa.eu/assets/home/visa-calculator/calculator.htm?lang=en
 
უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს, მაგალითად, უმაღლესი განათლების მიღების ან დასაქმების მიზნით!

ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ხანგრძლივი პერიოდით გამგზავრების სურვილის შემთხვევაში, ისევ იმოქმედებს სავიზო რეჟიმი და საქართველოს მოქალაქეებმა ვიზის მისაღებად უნდა მიმართონ საქართველოში აკრედიტებულ შესაბამისი ქვეყნის საკონსულოს.
 
უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული 90 დღის განმავლობაში მოკლევადიანი ვიზიტის მიზანი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა:

  • ტურისტული მოგზაურობა;
  • ოჯახის წევრების/ნათესავების/ახლობლების მონახულება;
  • საქმიანი შეხვედრების, მოლაპარაკებების გამართვა;
  • საერთაშორისო სემინარებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და გამოფენებში მონაწილეობა;
  • მოკლევადიანი სასწავლო კურსებსა და ტრენინგებში, გაცვლით სასწავლო/სტაჟირების პროგრამებში მონაწილეობა;
  • სამედიცინო სერვისებით სარგებლობა - მოკლევადიანი სამკურნალო კურსი/ოპერაცია
 
მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოგთხოვოთ შემდეგი საბუთები:
  • ბიომეტრიული პასპორტი
  • დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
  • სასტუმროს მოქმედი ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება: მაგალითად, თქვენს მფლობელობაში არსებული ნაღდი ფული, მოქმედი საბანკო ელექტრონული ბარათი, დაფინანსების შესახებ ცნობა, მასპინძლის საგარანტიო წერილი.
ფინანსური უზრუნველყოფისთვის საჭირო თანხა ევროკავშირის/შენგენის წევრი თითოეული ქვეყნის შიდა კანონმდებლობით განისაზღვრება. სასტუმროს ხარჯის გარდა, ეს თანხა, როგორც წესი, არ აღემატება დღეში 50 ევროს.

 
კონფერენციებში, სემინარებში, საქმიან შეხვედრებში მონაწილოების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში, ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:
  • ღონისძიების/კონფერენციის, სემინარის მოწვევა/პროგრამა, რომელშიც მონაწილეობთ;

ნათესავების, მეგობრების ან ახლობლების მონახულების მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ დოკუმენტებთან ერთად რეკომენდებულია თან იქონიოთ:
  • ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები მასპინძლის საკონტაქტო მონაცემები (მისამართი, ტელეფონის ნომერი და სხვ.);
  • მასპინძლის ბინადრობის ნებართვის ან შესაბამის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის ასლი.

სამედიცინო სერვისებით სარგებლობის, მოკლევადიანი სამკურნალო კურსის/ოპერაციის მიზნით მგზავრობის შემთხვევაში ზემოჩამოთვლილ საბუთებთან ერთად სასურველია თან იქონიოთ:
  • იმ სამედიცინო დაწესებულების თანხმობა, რომელშიც გეგმავთ მკურნალობას ან/და საქართველოს სამედიცინო დაწესებულების რეკომენდაცია, ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ევროკავშირის წევრ-ქვეყანაში;.
  • სამედიცინო დაზღვევა მგზავრობის მთელი პერიოდისთვის;
  • მგზავრობისა და მკურნალობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება ნაღდი ფულით, მოქმედი ელექტრონული ბარათით ან გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით.
 

უვიზო მგზავრობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, გაეცნოთ  ევროკავშირის/შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის გზამკვლევს: http://mfa.gov.ge/visa-free-guide.aspx
 
ასევე დეტალურ ინფორმაციას თითოეული ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka.    
 
 
 
 
არაბიომეტრიული პასპორტის მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს პორტუგალიის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად კვლავ ესაჭიროებათ ვიზა!
 

მოკლევადიანი–90 დღემდე ვიზა გაიცემა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მიერ, ხოლო გრძელვადიანი ვიზა გაიცემა ქ.ანკარაში (თურქეთის რესპუბლიკა) პორტუგალიის რესპუბლიკის საელჩოს მიერ.

ვიზებზე საბუთების შემოტანა ხდება მხოლოდ წინასწარი სატელეფონო შეთანხმების შემდეგ. საბუთების მიღების დღე და საათი შეგიძლიათ შეათანხმოთ: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 18:00 სთ-მდე ტელეფონის ნომერზე 0 900 007 001 გვარისა და პასპორტის ნომრის მითითებით. ერთი ზარის ღირებულება შეადგენს 3 ლარს.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურში წარსადგენი საბუთების ზოგადი ჩამონათვალი:

  • საერთაშორისო პასპორტი მოქმედი შემდეგი 6 თვის მანძილზე და პასპორტის მთავარი გვერდის ასლი;
  • ინგლისურ ან გერმანულ ენაზე, სრულყოფილად შევსებული სავიზო განაცხადის ფორმა: http://www.tiflis.diplo.de/Vertretung/tiflis/ka/04/UB__Visabestimmungen.html;
  • წინა პასპორტის, ვიზებისა და სასაზღვრო ბეჭდების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • 1 ბიომეტრიული ფოტო გადაღებული უკანასკნელი 6 თვის მანძილზე;
  • მასპინძლის მოწვევა , ნოტარიალურად ან სხვა ოფიციალური გზით დამოწმებული ხელმოწერით და ასევე მასპინძლის მხრიდან ფინანსური უზრუნველყოფის შესახებ ცნობა თარგმანთან ერთად, იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი სახსრები არ არის საკმარისი. ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში: დამადასტურებელი საბუთი იმის შესახებ, რომ განმცხადებელი საკუთარი სახსრებით დაფარავს მგზავრობისა და საზღვარგარეთ ყოფნის ხარჯებს(მაგ: ცნობა დანზოგის, ხელფასის რეგულარული ჩარიცხვის , წლიური ბრუნვის შესახებ;
  • გამგზავრების მიზნიდან გამომდინარე ნათესაური კავშირის დამადასტურებელი საბუთების ორიგინალი და ერთი ასლი(მაგ. დაბადების მოწმობები, ქორწინების მოწმობები თარგმანთან ერთად);
  • ნაცნობობის დამადასტურებელი საბუთები(მაგ. ფოტოები; შესაბამის შემთხვევაში: მომწვევი პირის ქვეყანაში ყოფნის უფლების ასლი).
  • სამშობლოში დაბრუნების მოტივაცია თქვენი ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის საფუძველზე:
    • ქორწინების მოწმობის, შესაბამის შემთხვევაში განქორწინების მოწმობის ან მეუღლის გარდაცვალების მოწმობის ორიგინალი + ერთი ასლი და თარგმანი;
    • არასრულწლოვანი ბავშვების დაბადების მოწმობების ორიგინალი + ერთი ასლი და თარგმანი;
    • ცნობა სამუშაო ადგილიდან ხელფასის მითითებით , სტუდენტის დამადასტურებელი მოწმობა , სამეწარმეო რეესტრის ცნობა წლიური ბრუნვის მითითებით, უძრავი ქონებისა და მისგან მიღებული შემოსავლის;ცნობა და ა.შ. + თარგმანი;
    • ბოლო 3 თვის ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან , ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სამგზავრო/სამდიცინო დაზღვევა სავიზო მოთხოვნის პერიოდისთვის(ორიგინალი და ასლი)–15 დამატებითი დღე;
  • განაცხადის დამუშავების საფასური 35 ევროს ოდენობით;
  • იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი მიემგზავრება, ორივე მშობელი პასპორტით ან პირადობის მოწმობით (+ ერთი ასლი) პირადად უნდა გამოცხადდესსაელჩოში და წარმოადგინოს ბავშვის დაბადების მოწმობა;
  • ყველა ქართული საბუთი ბარდება თარგმანთან ერთად;

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაფრთხილებთ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია უნდა გადამოწმდეს შესაბამის საკონსულო სამსახურთან!

მგზავრობის მიზნიდან გამომდინარე, დამატებითი დეტალური ინფორმაცია განთავსებულია გერმანიის საელჩოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე http://www.tiflis.diplo.de/Vertretung/tiflis/ka/04/UB__Visabestimmungen.html და ასევე პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელექტრონულ ვებ-გვერდზე: http://www.mne.gov.pt/mne/pt/

ქ.თბილისში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს კოორდინატები:
„შერატონ მეტეხი პალასი“ თელავის ქ. 20
ტელ: 44-73-00; 91-03-32, 91-12-63, (91-14-58, 91-16-51:საკონსულო)
ფაქსი: 91-15-21
ელფოსტა: L@tifl.diplo.dedeut.bot.tbilissi@access.sanet.ge

თურქეთში პორტუგალიის საელჩოს კოორდინატები
მისამართი: Kuleli Sok. No:26 , 06700 Ankara ,Turkey
Tel: +90-312-446-1890; +90-312-446-1891
Fax: +90-312-446-1892; +90-312-446-3670
Email: embport@superonline.com

პორტუგალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ–გვერდი: http://www.mne.gov.pt/mne/pt/