საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის ინტერვიუ ეკვადორის ყველაზე მსხვილ გაზეთთან “El Comercio”

2019 წლის 11 აპრილი

ავტორი: სანტიაგო ესტრელია

ვინ არის ვახტანგ მახარობლიშვილი? ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა 2016 წლიდან.

თვალსაზრისი. ქვეყანა მადლიერია ეკვადორის მიმართ, რადგან ის არ აღიარებს რეგიონებს, რომლებმაც რუსეთის მხარდაჭერით გამოაცხადეს დამოუკიდებლობა და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩვენ ვცდილობთ ურთიერთობების დამყარებას არა მხოლოდ მთავრობებს შორის“

002.jpgსაქართველოს შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი მიუხედავად იმისა, რომ ეს გახლავთ ქვეყანა, რომელთანაც ეკვადორს უკვე 21 წელია დამყარებული აქვს დიპლომატიური ურთიერთობები. ესაა ათასწლოვანი კულტურის ქვეყანა, სადაც განვითარდა ოქროს საწმისის, იასონისა და არგონავტების შესახებ მითში აღწერილი მოვლენები. ეს გახლავთ რესპუბლიკა, რომელიც 1991 წელს საბჭოთა კავშირისაგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ესწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებას.

ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ეწვია კიტოს, სადაც მაღალი დონის არაერთი შეხვედრა გამართა ეკვადორთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცების მიზნით.

რა შედეგს გამოიღებს ვიზიტი ისეთი ნაკლებად ცნობილი ქვეყნიდან, როგორიც საქართველოა?

სამწუხაროდ, ბევრი ეკვადორელისათვის საქართველო კვლავ რჩება უცნობ ქვეყნად იმის მიუხედავად, რომ უკვე 21 წელიწადია დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს, იმის მიუხედავად, რომ ამ ურთიერთობების ყველაზე აქტიური ფაზა 2010 წელს დაიწყო. ამ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანია, ეს ურთიერთობები და მთავრობების დონეზე არსებული დინამიკა გარდაიქმნას ხალხთაშორის კონტაქტებად განათლების, კულტურისა და სხვა სფეროებში.

საუბარია ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანაზე, რომელსაც სხვადასხვა იმპერიასთან ბრძოლამ მოუწია. რა დასჭირდა საქართველოს იმისათვის, რომ ყოფილიყო ის, რაც არის?

ჩვენი ერის ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კულტურამ. ჩვენ ვიყავით მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული ქვეყანა მე-4 საუკუნიდან მოყოლებული (337 წ.). გვაქვს საკუთარი ანბანი, რომელიც ერთ-ერთია მსოფლიოს 14 დამწერლობიდან და იუნესკო-მ კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობას მიაკუთვნა. იმპერიების წინააღმდეგ ყველა ბრძოლა, რაც ჩვენი იდენტობის შენარჩუნებას ემსახურებოდა, ჩვენს ენასა და ჩვენს რელიგიაზე იყო დაფუძნებული. ბევრჯერ წაგვართვეს დამოუკიდებლობა, სცადეს წაერთმიათ ენა, მაგრამ ყოველთვის ვახერხებდით ხელახლა ფეხზე დადგომას. 9 აპრილს აღვნიშნავთ იმ დღის 30 წლისთავს, როდესაც ქართველები ქუჩაში გასვლით წინ აღუდგნენ საბჭოთა იმპერიას და დამოუკიდებლობა მოითხოვეს. საბჭოთა კავშირის პასუხი იყო ტანკების გამოგზავნა და 21 ადამიანის დახოცვა. ამავე დროს, ეს ნიშნავდა ახალი, დამოუკიდებელი საქართველოს დასაბამს. თითქმის ყველა იმპერიამ, რაც კი არსებობდა, საქართველო დალაშქრა, მაგრამ ჩვენ შევინარჩუნეთ სარწმუნოება და ენა.

რუსეთი ინარჩუნებს ინტერესებს და მხარს უჭერს თვითმარქვია დამოუკიდებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ 27 წელი გავიდა, რაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი თავს არ ანებებს თამაშის წესების შეცვლას. მან  გააჩაღა 2008 წლის ომი საქართველოს რეგიონებში - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, რომლებიც რუსული ოკუპაციის ქვეშ იმყოფებიან. მათ მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობა არ აღიარა საერთაშორისო თანამეგობრობამ, არამედ ცნეს მხოლოდ მისმა მოკავშირეებმა (ვენესუელა, ნიკარაგუა, სირია და კუნძული ნაურუ).

კიდევ რა ქმედებებს ახორციელებს რუსეთი?

1990-იან წლებიდან რუსეთმა ე.წ. „ჰიბრიდული ომის“ გამოყენება დაიწყო. მან საქართველოს შეუწყვიტა ბუნებრივი აირისა და ნავთობის მიწოდება და შეაჩერა ქართული ღვინის იმპორტი. 2000 წლიდან სავიზო რეჟიმი დააწესა. ჩვენ ცალმხრივი ნაბიჯები გადავდგით, როგორიცაა რუსეთის გაწევრიანება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში, რაც კეთილი ნების გამოვლინება იყო. ასევე, გაერო-ს მაღალი ტრიბუნიდან განვაცხადეთ, რომ ძალას არ გამოვიყენებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სუვერენიტეტის აღსადგენად. რუსეთს არასოდეს უკისრია მსგავსი ვალდებულება.

რაც შეეხება ეკვადორს?

მადლიერი ვართ ეკვადორისადმი, რომელმაც არ აღიარა ეს რეგიონები და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ჩინეთს, ევროკავშირსა და ნატოს ასევე აქვთ ინტერესები?

ჩვენი გეოპოლიტიკური ფუნქცია წარმოადგენს უპირატესობას, მაგრამ შეიძლება საპირისპიროც აღმოჩნდეს, რადგან ბევრი მოთამაშეა, რომელსაც საქართველოსადმი ინტერესები აქვს. ჩვენ კი ჩვენი მიზანი გვაქვს: დავუბრუნდეთ ევროპულ ოჯახს, ვიყოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი (ვართ ასოცირებული წევრი), რადგანაც ისტორიული საფუძვლებიდან გამომდინარე, თავს ევროპის ნაწილად ვგრძნობთ. ამიტომ ვცდილობთ გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები, ბაზარზე დაფუძნებული ეკონომიკური სისტემა, კანონისა და ადამიანის უფლებების უზენაესობა.

რატომ დაუჭირეთ მხარი ხუან გუაიდოს?

საქართველომ თანმიმდევრულად იმოქმედა. არ ცნო არჩევნები, რომელიც ნიკოლას მადურომ მოიგო, რადგან არ შეესაბამებოდა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების სტანდარტებს. ყოველთვის ვგმობდით (მადუროს) მთავრობას და იმას, რასაც აკეთებდა. ერთადერთი აღიარებული სტრუქტურა ეროვნული ასამბლეაა. ეს ნაბიჯი (გუაიდოს აღიარება) ჩვენი საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარეობს.