წამყვანი არგენტინული გაზეთის „CLARIN“-ის ჟურნალისტის
დანიელ ვიტარის ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან

ბუენოს-აირესი, 2019 წლის 22 მარტი
 

„რუსეთისთვის არსებობს წითელი ხაზი და იგი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე გადის“

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამტკიცებს, რომ მოსკოვმა უნდა „მოინელოს“ მისი ქვეყნის გაწევრიანება ნატო-სა და ევროკავშირში.

იმ ომიდან ათი წლის შემდეგ, რამაც ტერიტორიის ნაწილი გამოგლიჯა (სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა დამოუკიდებლობა რუსული ჯარების მხარდაჭერით გამოაცხადეს), საქართველო ცდილობს თავი დააღწიოს რუსეთის ზეწოლას და საკუთარ გზას გაჰყვეს. მიმდინარე კვირას განხორციელდა მასშტაბური სამხედრო წვრთნები ნატოსთან, იმ ალიანსთან ერთად, რომელშიც გაწევრიანებას საქართველო მალე მოელის. და ირგებს თავის, როგორც ევროკავშირის ასოცირებული სახელმწიფოს როლს. მოსკოვი მიიჩნევს, რომ ყოველივე ეს გამოწვევას წარმოადგენს მისი რეგიონული სიძლიერისთვის. „რუსეთმა ეს უნდა მოინელოს“, განმარტავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც გაზეთ „კლარინს“ ბუენოს-აირესში ვიზიტის დროს მისცა. მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო არ აპირებს მესამე ქვეყნებისათვის „საფრთხედ“ გადაიქცეს, ხოლო რუსეთისთვის არსებობს „წითელი ხაზი“, რომელიც „ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაზე გადის“. 

რუსეთი გამოწვევად აღიქვამს ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას. შიშობთ, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს?

რუსეთს ამგვარი რიტორიკა უკვე დიდი ხანია აქვს. მტრულ ნაბიჯზე მაშინაც საუბრობდა, როდესაც ბალტიის ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანება იწყებოდა. მაგრამ ეს ქვეყნები გახდნენ ალიანსის წევრები და დღესდღეობით მათსა და რუსეთს შორის ურთიერთობები საკმაოდ ცივილიზებულია. საქართველო არ წარმოადგენს საფრთხეს არავისთვის და მათ შორის, არც მეზობლებისთვის. რუსეთმა ეს უნდა მოინელოს, გაითავისოს. საქართველო მეზობელი ქვეყანა და მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. საქართველოს ძლიერი ინსტიტუტები აქვს და მისი საგარეო პოლიტიკა პროგნოზირებადია.

სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გამო კონფლიქტი მიგაჩნიათ რომ მიძინებულია (გაყინული) ?

ჩვენ ოფიციალურად განვაცხადეთ, რომ არასოდეს გამოვიყენებთ ნატოში გაწევრიანებას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. იურიდიულ დონეზე მკაფიოდ განვსაზღვრეთ, რომ არასოდეს გამოვიყენებთ ძალას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე ჩვენი სუვერენიტეტის აღსადგენად. და ამასვე ვთხოვთ რუსეთს - განაცხადოს, რომ არასოდეს გამოიყენებს ძალას ჩვენს რეგიონში. მაგრამ რუსეთი ამას არ აკეთებს და აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას დე-ფაქტო ანექსიის გზით. ესოდენ რთულ ვითარებაშიც კი საქართველო ცდილობს რუსეთთან მიმართებით იქონიოს რაციონალური პოლიტიკური ურთიერთობა, რათა სიტუაცია სულ უფრო განიმუხტოს. ეს ჩვენი სურვილი და მისწრაფებაა. თუმცა არსებობს წითელი ხაზი, რომელიც გადის ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე, ასევე ჩვენს უფლებაზე, განვსაზღვროთ საკუთარი საგარეო პოლიტიკა.

რა წარმოადგენს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს?

ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება იმისათვის გვსურს, რომ ქართულმა სახელმწიფომ კიდევ უფრო გააძლიეროს ინსტიტუტები. რაც შეეხება რუსეთს, ამ შემთხვევაში მას ეყოლება პროგნოზირებადი და ძლიერი მეზობელი, რომელთანაც შეძლებს ითანამშრომლოს. ნატო-სა და ევროკავშირის სტრუქტურებისკენ მისწრაფება ასახულია საქართველოს კონსტიტუციასა და მთავრობის პროგრამაში. ბოლოდროინდელი გამოკითხვები ცხადყოფს, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% ნატო-ში შესვლას, ხოლო 85% ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა. როდესაც საკუთარ მოქალაქეთა ესოდენ დიდი ნაწილი მხარს უჭერს ამ მისწრაფებებს, სახელმწიფო ვალდებული და პასუხისმგებელია, რომ ისინი რეალობად აქციოს. აქ იგულისხმება ქვეყნის მომავალი, იგი ერთადერთი შესაძლო გზაა, რათა საქართველოს ეკონომიკა და ინსტიტუტები გაუმჯობესდეს. ჩვენ არ ვართ გულუბრყვილოები და, შესაბამისად, არ ვფიქრობთ, რომ ევროკავშირში სრულფასოვნად გაწევრიანება ხვალ შეიძლება მოხდეს. ვაცნობიერებთ ამჟამინდელ პრობლემებს, რომლის წინაშეც ევროკავშირი დგას და როგორიცაა ბრექსიტი, მიგრაცია, ევროპარლამენტის არჩევნები, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვისმინონ და ამგვარად ჩვენს მიზანს მივაღწიოთ.

რეგიონში არსებული მდგომარეობა არცთუ დამაიმედებლად გამოიყურება. რუსეთი აგრძელებს ექსპანსიას ძალიან აგრესიული პოლიტიკის გზით. ამის მაგალითია უკრაინა.

რუსეთის აგრესიული პოლიტიკა ჩვენს რეგიონში გუშინ არ დაწყებულა. პირველი ქვეყანა, რომელმაც ეს აგრესია გამოსცადა, საქართველო იყო, 2008 წელს (რუსული ჯარები ქართულ არმიას ებრძოდნენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დამყარების მიზნით). შემდგომში რუსეთმა იგივე, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ჩაიდინა, უკრაინაში გაიმეორა 2014 წელს (ყირიმის ანექსია). ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ უნდა არსებობდეს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებული/შეთანხმებული აზრი ასეთი ტიპის ქმედებების მიმართ.

შიშობთ, რომ მსგავსი კრიზისი განმეორდება?

საქართველო, რაც შეუძლია, ყველაფერს გააკეთებს, რათა 2008 წელი არ განმეორდეს, რადგან მომხდარმა გამანადგურებელი ეფექტი იქონია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანი რეგიონისთვის. რაც შეგვიძლია, ყველაფერს მოვიმოქმედებთ ამ ტიპის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ ჩვენი ინიციატივა მშვიდობიანია. გვსურს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები უფრო მეტად იყვნენ ინტეგრირებული (დანარჩენ საქართველოსთან). მათ ვთავაზობთ სტაბილურობას, განვითარებას და კეთილდღეობას, რაც ევროკავშირთან ინტეგრაციამ შეუძლია მოუტანოს. ჩვენი მიზანია, ამ რეგიონების მოსახლეობამ ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რასაც ევროკავშირის ასოცირებული წევრობა გვაძლევს: თავისუფალი ვაჭრობა და ევროპის ტერიტორიაზე გადაადგილება. გავაგრძელებთ ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას, მაგრამ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაცია.

გაქვთ თუ არა აშშ-სა და ევროპის ქვეყნების კონკრეტული მხარდაჭერის იმედი?

გვაქვს მხარდაჭერის ძალიან მყარი გზავნილი. ევროკავშირი საქართველოს აღიარებს რეგიონულ ლიდერად და მიიჩნევს, რომ ჩვენს საშინაო დავალებას ძალიან კარგად ვასრულებთ. შეერთებულ შტატებთან გვაქვს სრულფასოვანი ურთიერთობები და აბსოლუტური ურთიერთგაგება. აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. ამ ქვეყანასთან შეთანხმება ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს: თავდაცვას და უსაფრთხოებას; ვაჭრობას და ეკონომიკას; დემოკრატიულ განზომილებას და ხალხთაშორის ურთიერთობებსა და კულტურულ კავშირებს. კმაყოფილები ვართ ამ ვითარებით, მაგრამ გვსურს მეტი თანამშრომლობა გვქონდეს თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით და გვსურს გავაფორმოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას აშშ-თან. 

საბჭოთა კავშირის დაშლიდან თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ვერ ახერხებენ თავი დააღწიონ მოსკოვის ზეგავლენა. რატომ ხდება ასე?

პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას საკუთარი ისტორია და თავისებურება აქვს. ეს ძალიან ართულებს არსებულ სცენარს. საქართველოზე შემიძლია გითხრათ, რომ ის ათასწლოვანი ისტორიის მქონე და ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა. იმპერიები ყოველთვის ცდილობდნენ მის დაპყრობას დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე. რუქას თუ შეხედავთ, საქართველოს მდებარეობა ძალზე თვალშისაცემია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო მდებარეობს შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის, თავს უყრის ძირითად რეგიონულ მილსადენებს, არის ბუნებრივი აირისა და ნავთობის მთელი იმ სიმდიდრის დამაკავშირებელი კვანძი, რომელიც ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ მიემართება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი გახლავთ ის, რომ ჩვენ ვართ კარიბჭე რვა ქვეყნისკენ, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნიათ. ოკუპაციებისა და ანექსიების იმ ისტორიის მიუხედავად, რაც გამოვიარეთ, ვერასდროს ვერცერთმა იმპერიამ ვერ დაგვიპყრო. ჩვენი ისტორიისათვის 30 ან 40 წელი ბევრი არ არის. საუკუნეების განმავლობაში ვძლევდით პრობლემებს, დღეს კი მოწინავე (ლიდერი) ქვეყანა ვართ დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლების დაცვის თვალსაზრისით. ეს ჩვენ გვეამაყება და ამიტომ ოპტიმისტები ვართ. ყოველ შემთხვევაში ჯერ არ მომწიფებულა პოლიტიკური მომენტი. მაგრამ აუცილებელია, რომ მზად ვიყოთ ამ დღისთვის, როდესაც სიტუაცია მომწიფდება. არავინ იცის, როდის დადგება ეს მომენტი.


სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს: Hay una línea roja para Rusia y pasa por nuestra integridad territorial