ურთიერთობები საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის

საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1994 წლის 16 სექტემბერს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ლიეტუვის რესპუბლიკაში

2004 წელს ლიეტუვის რესპუბლიკაში გაიხსნა საქართველოს საელჩო.

  • ხათუნა სალუქვაძე 2013 - დღემდე;
  • გიორგი ქერდიყოშვილი  2008 – 2012;
  • დავით აფციაური 2004 – 2008. 

ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

2001-2005 წლებში საქართველოს გადაფარვა ხორციელდებოდა უკრაინაში ლიეტუვის საელჩოს მიერ.

2005 წელს საქართველოში გაიხსნა ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო.

  • გიედრიუს პუოჯუნასი (Giedrius Puodžiūnas) 2015 - დღემდე
  • იონას პასლაუსკასი (Jonas Paslauskas)  2010- 2015.
  • მეჩის ლაურინკუსი (Mečys Laurinkus)  2008 – 2010;
  • რიჩარდას დეგუტისი (Ričardas Degutis)  2005 – 2008;

ლიეტუვის რესპუბლიკის საპატიო კონსულები საქართველოში:

  • ბორის გამრეკელი (თბილისის საკონსულო ოლქი)  2010 - დღემდე.
  • თემურ უსტიაშვილი (ბათუმის საკონსულო ოლქი) 2015 - დღემდე

საქართველოს საპატიო კონსულები ლიეტუვის რესპუბლიკაში:

  • კაზიმირას მუსტეიკისი - (კაუნასის საკონსულო ოლქი) 2015 - დღემდე

2018 წლის 3 მაისს ლიეტუვური ენის სახელმწიფო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ლიეტუვურ ენაში ოფიციალურად დამკვიდრდეს საქართველოს აუთენტურ დასახელებაზე დამყარებული სახელწოდება „Sakartvelo“, საქართველოს ამჟამად არსებულ დასახელებასთან,  „Gruzija“, ერთად. ამ ნაბიჯით, ლიტვა გახდა პირველი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს უწოდებს ქართულ ენაში დამკვიდრებულ სახელწოდებას.

საპასუხო მეგობრული ჟესტის სახით, 2018 წლის 11 მაისს საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა, ექსპერტთა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, გასცა რეკომენდაცია, ლიტვის დასახელებად ქართულ ენაში დამკვიდრდეს ლიტვის აუთენტური დასახელება „ლიეტუვა“.
 

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოს და ლიეტუვას ახლო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ თანამშრომლობის ყველა სფეროში. ქვეყნებს შორის გაფორმებულია 20-ზე მეტი საერთაშორისო შეთანხმება, რომლებიც სამართლებრივ საფუძველს ქმნიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის  დაცვის და  სხვა სფეროებში. მჭიდროა თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

აღსანიშნავია საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებული აქტიური პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა. ლიეტუვის სეიმს მიღებული აქვს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი არაერთი რეზოლუცია და განცხადება. 2017 წლის 10 მაისს ლიტვის სეიმის საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტებმა ერთობლივად მიიღეს “ სამოქმედო გეგმა 2017-2020 წლებში ლიეტუვის მიერ საქართველოს მხარდაჭერის საკითხზე” (2017-2020 Action Plan of the Republic of Lithuania on Support to Georgia). ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში შექმნილია პარლამენტაშორისი მეგობრობის ჯგუფები, რომლის ფარგლებში ლიეტუველი და ქართველი პარლამენტარები რეგულარულად მართავენ შეხვედრებს. ლიეტუვის სეიმში საქართველოსთან პარლამენტთაშორისი ურთიერთობების ჯგუფი ტრადიციულად ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია.

2009 წლის აპრილში ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ხელი მოეწერა ქარტიას ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ „Charter on European and Euro-Atlantic Integration between Georgia and the Republic of Lithuania", რომელიც განახლდა 2015 წელს. 2010 წლის მაისში, ქარტიის ფარგლებში დაფუძნდა საქართველო-ლიეტუვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისია, რომელიც მხარეებს შორის რეგულარული კონსულტაციების გამართვას ითვალისწინებს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის, ორმხრივ და სხვა გლობალურ საკითხებზე.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს „განვითარების სფეროში თანამშრომლობის“ პროგრამის ფარგლებში საქართველო 2005 წლიდან ერთ-ერთ პრიორიტეტულ ქვეყანას წარმოადგენს. 2005-2017 წლებში განხორციელდა დაახლოებით 1,8 მილიონი ევროს ღირებულების 178 პროექტი. სამაგალითოა ხაშურის მუნიციპალიტეტში განხორციელებული ქალაქის საჯარო ბიბლიოთეკის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ახალი საბავშვო ბიბლიოთეკის გახსნა და ქალაქის ცენტრალური სკვერის განახლება. არსებული პროექტები მიზნად ისახავს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციული პროცესების მხარდაჭერას, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოების როლის განმტკიცების, რეგიონული განვითარების მხარდაჭერის, ქალთა ეკონომიკური და სოციალური საქმიანობის წახალისების, ჯანდაცვის სფეროს  განვითარებას.

ამასთანავე, ლიეტუვა, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, წარმოადგენს მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყანას ევროკავშირის „თვინინგების“ პროექტების განხორციელების მხრივ, მათ შორის, დახმარებას უწევს საქართველოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ხარისხის კონტროლის ამაღლებასა და მომხმარებლების დაცვის საკითხების გაძლიერებაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოში ტყის მდგრადი მართვის გაძლიერებაში,  ხოლო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის დახვეწასა და ინსტიტუციურ გაძლიერებაში.

აქტიური და ნაყოფიერია ორ ქვეყანას შორის სექტორული თანამშრომლობა. 2001 წლიდან აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობას თავდაცვის სფეროში და მოიცავს მაღალი დონის ვიზიტებსა და ექსპერტთა შეხვედრებს სტრატეგიული კომუნიკაციების, კიბერუსაფრთხოების, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში. თანამშრომლობენ ორი ქვეყნის ეროვნული გვარდიები და თავდაცვის აკადემიები, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სამხედრო განათლება.

ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და საინვესტიციო პოტენციალის სრულად გამოყენება ურთიერთობების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ორ ქვეყანას შორის მოქმედებს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია. ბოლო წლებში შენარჩუნებულია სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა. 2014 წლიდან მარტიდან, უნგრული ავიაკომპანია WizzAir ახორციელებს პირდაპირ ფრენებს ქუთაისი-ვილნიუსი-ქუთაისის მიმართულებით. შედეგად, გაორმაგდა ლიეტუველ ვიზიტორთა რაოდენობა საქართველოში. 2014 წლიდან საქართველო ვილნიუსში მდებარე ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ინოვაციური ცენტრის NATO Energy Security Centre of Excellence (NATO ENSEC COE) პირველი ნატო-ს არა-წევრი კონტრიბუტორი ქვეყანაა. სს „საქართველოს რკინიგზა“ მიერთებულია ლიეტუვის მონაწილეობით საკონტეინერო ბლოკ-მატარებლის პროექტს “VIKING”, რომლის ძირითად მიზანს ბალტიის ზღვიდან შავი ზღვის და უკუმიმართულებით კომბინირებული გადაზიდვების განვითარება წარმოადგენს.

წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა კულტურის, განათლების და მეცნიერების სფეროში. კულტურის პოპულარიზაციისა და ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცების მიზნით ორივე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ხშირად იმართება კონცერტები, გამოფენები და ფილმების ჩვენებები. 2013 წლიდან, ლიეტუვის მთავრობის გადაწყვეტილებით, გაიცემა სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისათვის ლიეტუვის უნივერსიტეტებში სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლებლად. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ლიტუანისტიკის ცენტრი, ხოლო  2014 წელს ვილნიუსის უნივერსიტეტში გაიხსნა ქართული ენის შემსწავლელი კურსი. 2018 წელს, საქართველოს პირველი დემოკრატიური რესპუბლიკის დაარსების და ლიტვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის მე-100 წლისთვის აღსანიშნავად კაუნასის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში გაიხსნა შოთა რუსთაველის სახელობის აუდიტორია.

2011 წელს, ლიეტუვის პრეზიდენტმა ვალდას ადამკუსმა თბილისის ცენტრში გახსნა „ვილნიუსის სკვერი“, ხოლო 2015 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში ვილნიუსში გაიხსნა „თბილისის სკვერი“.

მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები ჩამოყალიბდა საქართველოსა და ლიეტუვის რეგიონებს შორის. ხორციელდება ერთობლივი პროექტები და რეგულარული ვიზიტები. თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი აკავშირებთ ფოთის, ბათუმისა და კლაიპედას საზღვაო პორტებს.
 

საჭირო ბმულები:

Embassy of Georgia to the Republic of Lithuania
Embassy of the Republic of Lithuania to the Republic of Georgia
Ministry of Foreign Affairs of the Republic of Lithuania
President of the Republic of Lithuania
Parliament of the Lithuania
Government of the Republic of Lithuania
Joint Projects