ურთიერთობები საქართველოსა და უნგრეთს შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და უნგრეთს შორის დამყარდა 1992 წლის 14 მაისს.

2009 წელს უნგრეთში გაიხსნა საქართველოს საელჩო. 2001 – 2007 წლებში უნგრეთის გადაფარვა ხორციელდებოდა ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ.

უნგრეთის საელჩო საქართველოში გაიხსნა 2008 წელს. 1993 – 2008 წლებში საქართველოს გადაფარვა ხორციელდებოდა უკრაინაში უნგრეთის საელჩოს მიერ.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები უნგრეთში:

  • ზაზა კანდელაკი 2013 - დღემდე;
  • ზვიად ჭუმბურიძე 2009 – 2013.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები უნგრეთში რეზიდენციით ავსტრიაში:

  • ვიქტორ დოლიძე 2005 – 2007;
  • კონსტანტინე ჟღენტი 2004 – 2005;
  • გიორგი არსენიშვილი 2001 – 2004.

უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

  • ვიქტორია ჰორვატი (Viktória Horváth) 2017 - დღემდე;
  • შანდორ საბო (Sándor Szabó) 2011 - 2017;
  • გაბორ შაგი (Gabor Sagi) 2008 – 2011.

უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში რეზიდენციით უკრაინაში:

  • შანდორ იუჰაზი (Sándor Juhasz) 2008;
  • ანდრას ბარსონი (Andras Barsony) 2007 – 2008;
  • იანოშ ტოტი (Janos Tóth) 2003 – 2007;
  • ფერენც კონტრა (Ferenc Kontra) 2002 – 2003;
  • ერნიო კეშკენი (Ernio Keshken) 1999 – 2002;
  • დიორდ ნანოვსკი (Dyörgy Nanovsky) 1993 – 1999.

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველო და უნგრეთი აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული სამართლებრივი ბაზა, რომელიც თხუთმეტზე მეტ საერთაშორისო ხელშეკრულებას მოიცავს, ხელს უწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას ეკონომიკისა და ფინანსების, თავდაცვის, განათლების, ტურიზმის, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში.

წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა საკანონმდებლო დონეზე. ორივე ქვეყნის პარლამენტში შექმნილია მეგობრობის ჯგუფები.

ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, 2013 წლიდან საქართველოსა და უნგრეთს შორის ფუნქციონირებს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებს უნგრული ავიაკომპანია Wizz Air, რომელიც პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას ახორციელებს ქუთაისიდან სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით.

აქტიურია თანამშრომლობა განათლების სფეროში. ბოლო პერიოდში არაერთი შეთანხმება გაფორმდა ორი ქვეყნის სხვადასხვა სასწავლებელს შორის. 2014 წლიდან, უნგრეთის მხარე ქართველ სტუდენტებს სთავაზობს სტიპენდიებს უნგრეთის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად.

აღსანიშნავია თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, რომელიც მოიცავს სასწავლო ვიზიტებსა და გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, კრიზისების მართვის საკითხებზე.

ასევე, დინამიურად ვითარდება თანამშრომლობა კულტურის სფეროში. აღსანიშნავია, რომ ბუდაპეშტში გაიხსნა შოთა რუსთაველის სახელობის მოედანი და დაიდგა მისი ძეგლი. ასევე გაიხსნა თბილისის მოედანი. უნგრეთის ქალაქ კიშკოროშში, ცნობილი უნგრელი პოეტის შანდორ პეტეფის მემორიალურ მუზეუმში დაიდგა გრიგოლ აბაშიძის ძეგლი.

აღსანიშნავია, რომ 2014 წელს საქართველოს „ღირსების ორდენი“ გადაეცა უნგრეთის მოქალაქის, ბრიგადის გენერლის ლასლო ტოროკის ვაჟს. ლასლო ტოროკი 2001 წელს აფხაზეთში, საქართველო, გაერო-ს სადამკვირვებლო მისიაში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, ტრაგიკულად დაიღუპა.


ბმულები:

საქართველოს საელჩო უნგრეთში
უნგრეთის საელჩო საქართველოში 
უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტრო 
უნგრეთის მთავრობა 
უნგრეთის პარლამენტი