ურთიერთობები საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობები ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დამყარდა 2019 წლის 16 თებერვალს, მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა მიერ ,,დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ“ ოქმის ხელმოწერის შედეგად.

საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიასთან (FYROM) დამყარებული არ ჰქონია, საბერძნეთის რესპუბლიკის მხრიდან FYROM-ის სახელწოდების ირგვლივ მიმდინარე დავის გამო. სახელწოდებასთან დაკავშირებულ დავაზე მოლაპარაკებები, 2018 წლის 12 ივნისს, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასსა და FYROM-ის პრემიერ-მინისტრ ზორან ზაევს შორის მიღწეული საბოლოო შეთანხმებით დასრულდა. 2019 წლის 11 იანვარს, FYROM-ის პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, FYROM-ის დროებითი სახელწოდება ჩანაცვლდა Republic of North Macedonia (ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა) სახელწოდებით. შედეგად, შესაძლებელი გახდა 6 თებერვალს, ბრიუსელში, ნატოს მიერ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასთან გაწევრიანების ოქმის ხელმოწერა. 8 თებერვალს, საბერძნეთის პარლამენტმა ამ ოქმის რატიფიცირება მოახდინა. საბერძნეთის პარლამენტის მიერ ნატოს ოქმის რატიფიცირებისა და გაერო-ს სამდივნოს მიერ წევრ ქვეყნებში ნოტიფიკაციის დაგზავნის შემდეგ (15 თებერვალი), საბოლოოდ დამკვიდრა ქვეყნის სახელწოდება - ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა.

ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება წარმოშობს ახალ შესაძლებლობებს ევროპის კიდევ ერთ სახელმწიფოსთან ურთიერთობების განვითარებისა და დარგობრივი თანამშრომლობის გააქტიურების მიმართულებით.