საგარეო პოლიტიკის სტრატეგია

ერთიანი, უსაფრთხო, დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფო

საქართველოს დიპლომატიური სამსახურის მიზანია, ხელი შეუწყოს სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ამ მიზნის მისაღწევად, დიპლომატიური სამსახურის მთავარი ამოცანა, მშვიდობიანი გზით ქვეყნის დეოკუპაციის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წარმატებული პოლიტიკის განხორციელება და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციაა, რომელიც  ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოების, დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს.

სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა

საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების ურღვევობის განმტკიცება, მშვიდობიანი გზით ქვეყნის დეოკუპაციის წარმატებული პოლიტიკის განხორციელება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობა.

რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთის, საქართველო და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთი ოსეთი, საქართველო – ოკუპაცია და სამხედრო ბაზების უკანონო განლაგება არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას; მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას, როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ დონეზე.

საქართველოს დიპლომატიური სამსახურის ამოცანებია: ქვეყნის ოკუპირებული რეგიონების მშვიდობიანი გზით დეოკუპაცია და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, სამართლებრივი და მშვიდობიანი საშუალებების გამოყენებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სამართლებრივი სტატუსის ურღვევობის უზრუნველყოფის მიზნით არაღიარების პოლიტიკის განმტკიცება,  იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში, ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფა, და ომით გაყოფილ და საოკუპაციო ხაზებით დაშორიშორებულ საქართველოს მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენა და ურთიერთობების გაღრმავება.

ზემოხსენებული ამოცანების შესასრულებლად:

  • გაგრძელდება ძალისხმევა საქართველოს დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესში, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის გაზრდისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ კონფლიქტის ესკალაციის პრევენციის მიმართულებით. კერძოდ:

    • გაგრძელდება თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებთან, მათ მიერ აფხაზეთისა, საქართველო და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთი ოსეთი, საქართველო ოკუპაციისა და იქ განხორციელებული ეთნიკური წმენდის დამგმობი რეზოლუციების ან/და სხვა ოფიციალური დოკუმენტების მხარდაჭერის მიზნით.

    • ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფარგლებში, ისევე როგორც პარტნიორ-სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან გაგრძელდება ძალისხმევა, რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს, ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმების სრულად შესრულებისა  და რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულების აღების მისაღწევად. გაგრძელდება მუშაობა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ძირითად პრინციპებზე შეთანხმების მიღწევის, აგრეთვე ადამიანის უფლებების პატივისცემის საფუძველზე, ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე ზონებში მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესების და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დამონტაჟებული მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების მოშლის უზრუნველყოფის მიმართულებით.

    • გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებსა და პარტნიორ-სახელმწიფოებთან, ფორმატის ცვლილებისკენ მიმართული მცდელობების აღკვეთის მიმართულებით; ორი სამუშაო ჯგუფის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა შემდგომი გაძლიერების, მათ შორის, მოლაპარაკებებში ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთო-სა და აშშ-ს როლის კიდევ უფრო გააქტიურების მიმართულებით.

    • გაგრძელდება აქტიური ძალისხმევა და მჭიდრო თანამშრომლობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა, საქართველო და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთი ოსეთი, საქართველო ანექსირების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით.

  • გაგრძელდება მუშაობა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის განსამტკიცებლად. კერძოდ:

    • აფხაზეთის, საქართველო და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთი ოსეთი, საქართველო ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის უზრუნველყოფის მიზნით, გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობის (საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორი სახელმწიფოების) ძალისხმევის შენარჩუნებისა და განმტკიცების მიმართულებით.

    • ორმხრივი და მრავალმხრივი ფორმატების გამოყენებით გაგრძელდება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში რისკის შემცველ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება და მათთვის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, რათა მოხდეს რუსეთის ფედერაციის უსაფუძვლო არგუმენტების გაბათილება და აფხაზეთისა, საქართველო და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთი ოსეთი, საქართველო აღიარების საფრთხის მნიშვნელოვნად შემცირება.

    • საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის ფაქტების ფართოდ აღიარების მიზნით, გაგრძელდება საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის, რუსეთისა და მის მიერ შექმნილი საოკუპაციო რეჟიმების მიერ განხორციელებული ქართველთა ეთნიკური წმენდის, ოკუპაციისა და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევის სხვა ფაქტების თაობაზე.​

  • განხორციელდება ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის საერთაშორისო მონიტორინგის გზით. კერძოდ:

    • ძალისხმევა მიმართული იქნება ოკუპირებულ რეგიონებში გაერო-სა და ეუთო-ს სრულმასშტაბიანი მისიების აღდგენისაკენ და ადგილზე ვითარების მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების შექმნისკენ, რაც ხელს შეუწყობს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებათა დაცვას.

    • გაგრძელდება ძალისხმევა და მოლაპარაკებები ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებსა და წევრ-სახელმწიფოებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მანდატის გაგრძელებისა და შემდგომი გაძლიერების მიმართულებით, ისევე როგორც მისიის არსებული მანდატის შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის განხორციელების უზრუნველსაყოფად.

    • გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამის ინსტიტუტებთან (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) რეგულარულად განახორციელონ მონიტორინგი და მოამზადონ ანგარიში ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის თაობაზე.​

  • განხორციელდება ძალისხმევა ომით გაყოფილ და საოკუპაციო ხაზებით დაშორიშორებულ საქართველოს მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენისა და ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობის მიმართულებით. კერძოდ: 

    • გადაიდგმება ნაბიჯები „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო სტრატეგიული დოკუმენტების ფარგლებში, შემუშავებული ინსტრუმენტებისა და ხედვებისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

    • განხორციელდება პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთის, საქართველო და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთი ოსეთის, საქართველო ლეგიტიმური მოსახლეობისათვის, მათ შორის აფხაზებისა და ოსებისათვის, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესიდან გამომდინარე რიგი უფლებებისა და შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

    • გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების აღიარების მოპოვების მიზნით, რაც უზრუნველყოფს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის საზღვარგარეთ ლეგიტიმური გზით მგზავრობის უფლებას.

    • განხორციელდება ძალისხმევა ნდობის აღდგენის პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროკავშირი, გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო), ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის უზრუნველსაყოფად.​

  • გაგრძელდება ძალისხმევა ოკუპირებული რეგიონებიდან ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფისა და მათი უფლებების დაცვის მიმართულებით. კერძოდ:

    • გაგრძელდება ძალისხმევა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ხელშესახები პროგრესის, მათ შორის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების ძირითად პრინციპებზე შეთანხმების მისაღწევად. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისისა (UNHCR) და პარტნიორი სახელმწიფოების აქტიურ ჩართულობას ისევე, როგორც საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერას აღნიშნულ საკითხებში.

    • გაგრძელდება მუშაობა გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ რეზოლუციის „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთი ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მხარდაჭერის, საკითხის საბოლოო მოგვარებამდე მისი რეგულარულად მიღებისა და ამ საკითხის საერთაშორისო საზოგადოების პოლიტიკურ დღის წესრიგში მუდმივად არსებობის მიმართულებით.

მთავარი პარტნიორები
გაერო ეუთო ევროკავშირი ევროპის საბჭო პარტნიორი ქვეყნები

 

 

ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია

საერთო ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრება ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების გზით

გეოგრაფიული, პოლიტიკური, კულტურული და ღირებულებათა სისტემის თვალსაზრისით, საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც ქართული სახელმწიფოებრიობა ისტორიული მოვლენების შედეგად ხელოვნურად მოწყდა. საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით, ევროკავშირში ინტეგრაცია და ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომელიც ეროვნული კონსენსუსის შედეგია და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის (ორ მესამედზე მეტის) ნებითა და არჩევანითაა გამყარებული.

 

ევროკავშირში ინტეგრაცია

საქართველოს ევროპული ტიპის ლიბერალურ-დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება და ევროკავშირში ეტაპობრივი ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ასოცირების შეთანხმება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კონკრეტულ მექანიზმს წარმოადგენს და ყველა ძირითად სფეროში ქვეყნის განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის, ევროპული სტანდარტების ეტაპობრივად დანერგვის გზით. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ფორმირება გზას უხსნის საქართველოს საქონელსა და მომსახურებას ევროკავშირის შიდა ბაზარზე და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის ახალ შესაძლებლობას ქმნის.  ამასთან, ასოცირების შეთანხმება არ ზღუდავს და ღიას ტოვებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სამომავლო პროგრესული განვითარების გზას და არ წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბოლოო ეტაპს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში შექმნილი ზემოხსენებული ახალი შესაძლებლობებისა და პერსპექტივების გამოყენებით, მოცემულ პერიოდში საგარეო უწყების ძალისხმევა ევროკავშირთან პოლიტიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების, ეკონომიკური ინტეგრაციის, მათ შორის სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებისა და შენგენის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შემოღების უზრუნველყოფის ხელშეწყობისაკენ იქნება მიმართული.

ზემოხსენებული ამოცანების შესასრულებლად:

  • განხორციელდება ძალისხმევა, ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი  განხორციელების ხელშეწყობის მიმართულებით. კერძოდ:

    • გააქტიურდება საქმიანობა, შეთანხმების ძალაში სრულად შესვლამდე,  დროებით ამოქმედებული ნაწილის, მათ შორის ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების კუთხით.

    • გადაიდგმება ნაბიჯები, შეთანხმების რატიფიცირების პროცესის დროულად განხორციელების ხელშეწყობის მიმართულებით.​

  • გაგრძელდება ძალისხმევა, საქართველოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის, მათ შორის საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ევროკავშირის როლის შემდგომი გაძლიერების ხელშეწყობის მიმართულებით.

    • საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მანდატის შენარჩუნების, მისი სრულად განხორციელების, დამკვირვებელთა ამჟამინდელი რაოდენობის შენარჩუნებისა და მომავალში მისიის შესაძლო გაძლიერების მიმართულებით.

    • სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის (EUSR) მანდატის შენარჩუნების, მისი სრულად გამოყენებისა და შესაძლო გაძლიერების მიმართულებით.

    • ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ევროკავშირის როლის გაძლიერების მიმართულებით.

    • კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეფექტიანი თანამშრომლობისა და კოორდინაციის ინტენსიფიკაცია, მათ შორის რეგულარული პოლიტიკური დიალოგის წარმოების გზით.​

  • გაგრძელდება ძალისხმევა, ევროკავშირის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის უზრუნველყოფის, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის გაგრძელების უზრუნველსაყოფად.

  • გადაიდგმება ნაბიჯები ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით. კერძოდ:

    • სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის  სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებისა და ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილების დროულად მიღების ხელშეწყობის კუთხით.

    • „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ფარგლებში თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით.​

  • განხორციელდება აქტიური ძალისხმევა, ევროკავშირის ენერგომომარაგების დივერსიფიცირების პროექტებში, საქართველოს ჩართვის უზრუნველყოფის მიზნით და საქართველოს ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების თაობაზე, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების მიმართულებით.

  • წარიმართება საქმიანობა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით. მათ შორის:

    • განხორციელდება ძალისხმევა ევროკავშირის სამოქალაქო მისიებსა და სამხედრო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

    • გადაიდგმება ნაბიჯები, მხარეებს შორის კრიზისების მართვისა და მონიტორინგის სფეროში თანამშრომლობის გასავითარებლად.​

  • განხორციელდება ძალისხმევა ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამებისა და სააგენტოების მუშაობაში საქართველოს მონაწილეობის უზრუნველყოფისა და მათთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, მათ შორის ევროპული თავდაცვის სააგენტოსთან (EDA), ევროპის პოლიციის სამსახურთან (Europol), ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოსთან (Eurojust) და სხვა.

  • განვითარდება თანამშრომლობა ისეთ პრიორიტეტულ დარგებში, როგორიც არის ენერგოუსაფრთხოება, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, განათლება და კულტურა.

  •  გაღრმავდება თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში.

  •  განვითარდება თანამშრომლობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში, საერთო ინტერესთა სფეროებში შედეგზე ორიენტირებული პროექტების განხორციელების მიმართულებით. 

  • გაღრმავდება ურთიერთობები ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის ინსტიტუტების ფარგლებში.

  • განვითარდება თანამშრომლობა „პარტნიორობა მობილურობისათვის“ ფარგლებში შედეგზე ორიენტირებული პროექტების განხორციელების მიმართულებით.

  • წარიმართება თანამშრომლობა 2014-2017 წლებისთვის ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიით გათვალისწინებული საგარეო კომპონენტის განხორციელების მიმართულებით. 

მთავარი პარტნიორები
ევროპული საბჭო ევროკავშირის საბჭო ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახური ევროკომისია ევროპარლამენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნები

 

 

NATO-ში გაწევრიანება

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. საქართველო სრულად იზიარებს დემოკრატიის, პიროვნების თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს და ფასეულობებს, რომლებსაც ემყარება ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. საქართველო ნატო-ს განიხილავს კოლექტიური თავდაცვის ერთადერთ ორგანიზაციად, რომელსაც შესწევს უნარი და გააჩნია შესაბამისი პოლიტიკური, სამხედრო და სხვა რესურსები, რათა შეინარჩუნოს მშვიდობა ევროატლანტიკურ სივრცეში და უზრუნველყოს მისი წევრების უსაფრთხოება. ნატო-ში გაწევრიანება უმნიშვნელოვანესია როგორც უსაფრთხოების, ასევე დემოკრატიული განვითარების შეუქცევადობის უზრუნველყოფისთვის.

საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის კონტექსტში უმნიშვნელოვანესი იყო 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ „საქართველო გახდება ნატო-ს წევრი“, რომელიც განმტკიცებულ იქნა ალიანსის მომდევნო სამიტებზე.

მოცემულ პერიოდში საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება ბუქარესტის სამიტის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების პრაქტიკული განხორციელება, რათა გადაიდგას კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე.

2014 წელს ნატო-ს უელსის სამიტზე საქართველო ჩაერთო „თავსებადობის ინიციატივაში“ ნატო-ს ოთხ პარტნიორ სახელმწიფოსთან ერთად. ასევე მოკავშირეებმა დაამტკიცეს „ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი“, რომლის მიზანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და ალიანსში გაწევრიანებისათვის ნიადაგის მომზადება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია „არსებითი პაკეტით“ გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია.

ზემოაღნიშნულის მისაღწევად მნიშვნელოვანი იქნება შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:

  • ნატო-ში ინტეგრაციის არსებული მექანიზმების (ნატო-საქართველოს კომისია; წლიური ეროვნული პროგრამა) ეფექტიანად გამოყენება.

  • ნატო-სთან და ალიანსის წევრ ქვეყნებთან საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართული პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავება.

  • გაწევრიანების საკითხზე ნატო-ს წევრი ქვეყნებისგან პოლიტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

  • ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების სრულყოფილად იმპლემენტაცია.

  • ნატო-სა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა, სხვადასხვა სფეროებში ალიანსის პრაქტიკული და საექსპერტო დახმარების მოზიდვა და მაქსიმალურად ეფექტიანი გამოყენება.

  • ალიანსის წევრ ქვეყნებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა.

  • ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებში, ნატო-ს ასპირანტ ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარება.

  • ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ქვეყნის ჩართულობის გაგრძელება, მათ შორის ავღანეთში ალიანსის ოპერაციაში „გადამწყვეტი მხარდაჭერა“ მონაწილეობა და ავღანეთის სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების მხარდაჭერა.

  • ავღანეთიდან ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკისკენ მიმავალი ალიანსის ტვირთების სახმელეთო და საზღვაო ტრანზიტისას, საქართველოს ტერიტორიის გამოყენების (ცენტრალური მარშრუტის) მაქსიმალური ხელშეწყობა და შესაბამის სფეროებში რეგიონული თანამშრომლობის გააქტიურება.

  • 2015-2017 წლებშინატო- სწრაფი რეაგირების ძალებშისაქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა.

  • ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ალიანსის სხვადასხვა პროგრამებსა და ფორმატებში საქართველოს ეფექტიანი მონაწილეობის უზრუნველყოფა.

მთავარი პარტნიორები
NATO-ს საერთაშორისო სამსახური NATO-ს ცალკეული სააგენტოები / სტრუქტურები NATO-ს წევრი ქვეყნები

 

 

დემოკრატიული განვითარება

დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების, კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის ხელშეწყობა

2012 წელს არჩევნების გზით, საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების პრეცედენტმა, 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივმა არჩევნებმა, მიმდინარე პოლიტიკურმა და ინსტიტუციურმა რეფორმებმა, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებმა, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის დაბალანსებული და ურთიერთკონტროლის სისტემის შექმნა, ცხადყო საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარების სიმწიფე. საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია მმართველობის დემოკრატიული სისტემის შემდგომი განვითარება და საქართველოში ევროპული ტიპის ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობა.

ამ ამოცანების შესასრულებლად: 

 

  • საგარეო უწყება, წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან ინტენსიური თანამშრომლობისა და პარტნიორ სახელმწიფოებთან რეგულარული კონსულტაციების მეშვეობით, საქართველოს  შესაბამის უწყებებთან ერთად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს შეუწყობს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას. კერძოდ:

    • აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება გაერო-ს ადამიანის უფლებების კომისიასთან და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან (UNHCR), ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (OSCE), საკუთრივ, მის ინსტიტუტებთან - დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (ODIHR) და ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთო-ს უმაღლესი კომისრის (HCNM) ოფისთან. გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა სასამართლოსთან; ასევე ევროპულ კომისიასთან (ვენეციის კომისია), რომელთა ძალისხმევაც ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისა და სხვა დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცებისკენაა მიმართული. 

მთავარი პარტნიორები
გაერო ეუთო ევროპის საბჭო პარტნიორი ქვეყნები

 

 

ეკონომიკური განვითარება

ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების, ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა

ეკონომიკური დიპლომატია ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური ამოცანების შესრულების ხელშემწყობ მნიშვნელოვან ბერკეტს წარმოადგენს. ეკონომიკური დიპლომატიის წარმოება განხორციელდება მთავრობის ყველა შესაბამისი უწყებისა და ქვედანაყოფის შეთანხმებული და კოორდინირებული მოქმედებით. საქართველოს ფარგლებს გარეთ მის მაქსიმალურ ეფექტიანობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს. საქართველოს ეკონომიკური დიპლომატიის უმთავრესი ამოცანაა, იმ ტიპის ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა, რომელიც ქვეყნის განვითარების შედეგების მოსახლეობის ყველა ფენისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს. ამ ამოცანის შესრულება სამი ძირითადი მიმართულებით განხორციელდება: ეკონომიკის მოდერნიზაცია, ეკონომიკის დივერსიფიცირება და ეკონომიკის მსოფლიოს წამყვან ბაზრებთან ინტეგრაცია. კერძოდ:

  • ხელ შეწყობ საერთაშორისო არენაზე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ხელსაყრელი ბიზნესგარემოს წარმოჩენასა და უცხოური საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვას.

  • გადაიდგმება ნაბიჯები საერთაშორისო პროექტებში ქვეყნის აქტიურ ჩართვ უზრუნველსაყოფად.

  • ხელი შეეწყობა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო სატრანსპორტო, ენერგეტიკული და საინვესტიციო პროექტების რეალიზაციას.

  • განხორციელდება    ძალისხმევა, კომპეტენტური უწყებების ჩართულობით და მათთან კონსულტაციების შედეგად,   ქართული    პროდუქციისათვის    პრეფერენციული საექსპორტო პირობების    შექმნისა    და    საექსპორტო    ბაზრების    დივერსიფიცირების მიმართულებით.

  • ქვეყნის წინაშე მდგარი, ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური განვითარების, მაკროეკონომიკური სტაბილურობის საკითხების გადაჭრის, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისა და ტექნიკური დახმარების მოაზიდად, გაღრმავდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სავაჭრო-ეკონომიკური პროფილის სტრუქტურებთან და სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ეფექტიანი თანამშრომლობა.

  • საერთაშორისო თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატებში – მსოფლიო და რეგიონუ ეკონომიკურ ფორუმებში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მრავალმხრივ ფორმატებში აქტიური მონაწილეობის გზით, განხორციელდება მსოფლიოში გლობალურ ეკონომიკურ პრობლემებზე მიმდინარე დიალოგში ჩართვა და  ეროვნული ეკონომიკის მოდერნიზაციისა და მოწინავე ბაზრების ფუნქციონირების ინოვაციური მექანიზმების დანერგვის მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება.

  • განხორციელდება ძალისხმევა მსოფლიოს წამყვან ბაზრებთან ინტეგრაციის მიმართულებით, მათ შორის, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმების დამყარების უზრუნველსაყოფად. კერძოდ:

    • გადაიდგმება ნაბიჯები, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის სრულად და დროულად ამოქმედების, ასევე აშშ-სთან და სხვა მნიშვნელოვან ბაზრებთან თავისუფალი ვაჭრობის დამყარების პერსპექტივის რეალიზაციის მიმართულებით.

    • გაღრმავდება თანამშრომლობა დონორ ქვეყნებთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, რათა პარტნიორებთან ურთიერთმომგებიანი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში მოზიდულ იქნას ამ ღონისძიებათა უზრუნველყოფის დამატებითი ფინანსური და ინტელექტუალური რესურსები.

  • ხელი შეეწყობა ქართულ ბაზარზე უცხოური კომპანიების აქტიურ შემოსვლას, ასევე ქართული კომპანიებისათვის საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებულ საქმიანობას. კერძოდ:

    • გაგრძელდება პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა, ორმხრივი ფორმალური ინსტიტუტების ფარგლებში.

    • გაგრძელდება თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებულ ურთიერთობებში გაჩენილი, ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა და ქართული ბიზნესწრეებისთვის ოპერატიულად გაზიარება.

    • ამ მხრივ, საქართველო აქტიურ მონაწილეობას მიიღებს სამთავრობათაშორისო ორმხრივ, ერთობლივ ეკონომიკურ კომისიებსა და ბიზნესფორუმებში.

მთავარი პარტნიორები
გაეროს განვითარების პროგრამა მსოფლიო ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი პარტნიორი ქვეყნები