ბრაზილიასთან სავიზო შეთანხმების ხელმოწერა

2015 წლის 11 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა, საქართველოს მთავრობის სახელით, ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობასა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას. აღსანიშნავია, რომ ხსენებული შეთანხმება ნოტების გაცვლის გზით დაიდო, რისი მიღწევაც მხარეთა შორის ხანგრძლივი კოორდინირებული ძალისხმევის შედეგად გახდა შესაძლებელი.

შეთანხმება ძალაში შევა ქართული მხარის მიერ მისი ხელმოწერიდან 30 დღის გასვლის შემდეგ და იგი გულისხმობს ორივე ქვეყანაში ტურისტული და საქმიანი მიზნებით მგზავრობის მსურველი ორდინალური პასპორტის მფლობელი მოქალაქეების გათავისუფლებას ვიზის აღების ვალდებულებისაგან. კერძოდ, შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ბრაზილიის ტერიტორიაზე შესვლას, ყოფნასა და ტრანზიტს 90 დღის განმავლობაში 180 დღიან პერიოდში, რომლის ათვლაც ქვეყანაში პირველად შესვლის დღიდან მოხდება. ანალოგიური რეჟიმი იმოქმედებს ბრაზილიის მოქალაქეების მიმართ. ხსენებული შეთანხმების გაფორმება გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს ბიზნეს-წრეების დაახლოებას, ტურისტული ნაკადების მიმოსვლას და ხალხთაშორისი კავშირების გამყარებას.

ხელმოწერის ცერემონიამდე თამარ ბერუჩაშვილი შეხვდა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კარლოს ალბერტო ასფორას. განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტები პოლიტიკური დიალოგის, ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში. ყურადღება გამახვილდა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობაზე, აღინიშნა ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის წარმატება და ხაზი გაესვა მორიგი რაუნდის თბილისში გამართვის მნიშვნელობას მიმდინარე წლის განმავლობაში. თამარ ბერუჩაშვილმა ბრაზილიის ელჩს გააცნო საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ესაუბრა საქართველოს მთავრობის მიდგომებსა და ძალისხმევაზე არსებულ საფრთხეებთან და გამოწვევებთან მიმართებით.
საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 28 აპრილს დამყარდა. 2010 წელს საქართველომ საელჩო გახსნა ბრაზილიაში, რასაც ბრაზილიის მხარემ ანალოგიური ნაბიჯით უპასუხა 2011 წელს. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი და შეხვედრა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეებზე. ხსენებული შეთანხმების გაფორმება წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, და  მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია როგორც სახელმწიფოთაშორისი პარტნიორობის, ისე ხალხთაშორისი ურთიერთობების თვალსაზრისით.  

პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი