გაეროს მუდმივმა წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულეს

საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაეროს მუდმივმა წარმომადგენლებმა, 2015 წლის 2 აპრილს  საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულეს.
 
გაეროს ელჩებმა ადგილზე შეაფასეს სოფელში არსებული მძიმე ჰუმანიტარული და სოციალური მდგომარეობა, მოინახულეს და გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას.
  
სამი რეგიონის გაეროს 7 მუდმივი წარმომადგენელი გვინეადან, გრენადადან, იამაიკიდან, კაბო-ვერდედან, ტიმორ-ლესტედან, ტონგადან და უგანდადან საქართველოს 31 მარტს ეწვივნენ. მათ შეხვედრები გამართეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე  საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების  წარმომადგენლებთან.  

უცხოელ დიპლომატებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ. სტუმრებმა  მოინახულეს იუსტიციის სახლი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.​ მუდმივი წარმომადგენლების ინტერესის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ გამოხატა რეფორმების გამოცდილების გაზიარებისთვის მზადყოფნაც.

პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი