დავით დონდუა სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე: „კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკა: ბოლო სამი წლის მიღწევები და გამოწვევები“

2015 წლის 27 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა სიტყვით გამოვიდა კულტურულ ურთიერთობათა ცენტრ -„კავკასიურისახლის“ და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე: „კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკა: ბოლო სამი წლის მიღწევები და გამოწვევები.“ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებმა.

დავით დონდუამ თავის მოხსენებაში: „საქართველოს საგარეო პოლიტიკა კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით“ - მიმოიხილა კონფლიქტის დარეგულირების კუთხითსაქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებები, შეაფასა ბოლო სამი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები და არსებული გამოწვევები.

დავით დონდუამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ ერთადერთ ფორმატზე, სადაც საერთაშორისო მედიაციის პირობებში განიხილება უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები. მან ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში ჟენევის ფორმატში შექმნილ პოზიტიურ დინამიკას, როგორც მანდატით გათვალისწინებულ მთავარ საკითხებზე პროგრესის მიღწევის მნიშვნელოვან წინაპირობას.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ასევე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საგანგაშო პროცესებზე. მან ინტეგრაციის შესახებ ე.წ. „ხელშეკრულების“ კვალდაკვალ მოსკოვის მიერ სოხუმთან და ცხინვალთან დარგობრივი დოკუმენტების გაფორმება შეაფასა, როგორც აღნიშნული რეგიონების ფაქტობრივი ანექსია რუსეთის ფედერაციის მხრიდან.

გამოსვლაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ომით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებასა და ნდობის აღდგენას, ასევე ამ პროცესში საერთაშორისო ჩართულობის გაზრდისა და პირდაპირი დიალოგისმნიშვნელობას.

დასასრულს, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საგარეო მიმართულება არის კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკის მხოლოდ ერთი განზომილება და ამ სფეროში დიპლომატიის წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კონფლიქტის გადაწყვეტის კუთხით ქვეყნის საშინაო პოლიტიკის ეფექტიანობაზე.