ესტონეთის ახლადდანიშნულმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

13.10.2016 თბილისი - ესტონეთის რესპუბლიკის დანიშნულმა ელჩმა კაი კაარელსონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.

რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მოხარულია მიიღოს ელჩი ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველოს ახლო მეგობრული ურთიერთობები და პარტნიორობა აკავშირებს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კაი კაარელსონს ესტონეთის მიერ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში შეტანილი წვლილისათვის, რაც გამოიხატება როგორც საერთაშორისო არენაზე მხარდაჭერით, ისე ექსპერტული დახმარების გაზიარებით ისეთ სფეროში, სადაც ესტონეთს მოწინავე გამოცდილება გააჩნია.

შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს სავიზო ლიბერალიზაციის მიმართულებით არსებული პროგრესი. ელჩის განცხადებით, საქართველო არის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მოწინავე ქვეყანა. მან იმედი გამოთქვა, რომ დადებითი გადაწყვეტილება სავიზო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მალე იქნება მიღებული და ხაზი გაუსვა, რომ ეს იქნება საქართველოს წარმატებული მუშაობის შედეგი.

კაი კაარელსონმა მაღალი შეფასება მისცა 2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ევროპული ფასეულობების მიმართ.

მინისტრმა და ელჩმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არსებულ აქტუალურ საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე. მიხეილ ჯანელიძემ წარმატებები უსურვა ესტონეთის ახლადდანიშნულ ელჩს და დახმარება აღუთქვა მომავალ საქმიანობაში.