ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. „ სახელმწიფო საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვასთან დაკავშირებით, ეუთო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა განცხადება გააკეთა

2015 წლის 16 ივლისს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 10 ივლისს, გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაქო-სუფსა ნავთობსადენისა და თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსტანტინე ზალდასტანიშვილმა.
 
საქართველოს ელჩმა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს მონაწილეებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. კერძოდ მან განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ხდება საქართველოს განუყოფელი ნაწილის, ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და მცოცავი ანექსია, რასაც ახალი ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების აღმართვაც ადასტურებს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის შედეგად, ბაქო-სუფსას ნავთობსადენის 1600 მეტრი სიგრძის მონაკვეთი რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.
 
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ფედერაცია კვლავ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს. რუსეთის უკანონო ქმედებები - საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლება და ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და აფერხებს ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას.
 
საქართველოს ელჩის განცხადებით ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების აღმართვა რუსეთის მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქართული მხარის პროვოცირებას და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გაუარესებას. ქართველმა დიპლომატმა დაგმო რუსეთის ფედერაციის ეს უკანონო ქმედებები და მოუწოდა მას შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და მცოცავი ანექსია, რისი ნათელი დადასტურება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. „ხელშეკრულებების“ გაფორმება წარმოადგენს და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხსენებული ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია ხელს უწყობს ვითარების დესტაბილიზაციას არა მხოლოდ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ მთლიანად რეგიონში და ზიანს აყენებს ევროპულ უსაფრთხოებას. 
 
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, საქართველოს პოზიციის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის (ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის სახელით, რომელსაც მიუერთდა მაკედონია, ისლანდია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა და მოლდოვა), ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ნორვეგიის და თურქეთის წარმომადგენლებმა. გამომსვლელებმა მკაცრად გააკრიტიკეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. „სახელმწიფო საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის ფაქტი და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას დაიცვას საერთაშორისო სამართლის პრინციპები, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ეუთო-ში აშშ-ს წარმომადგენლობის განცხადება