საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

2015 წლის 12 მარტს გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის შეხვედრა აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან მეთიუ მიურეისთან.
 
მეთიუ მიურეი საქართველოში ჩამოვიდა 11-13 მარტს აშშ-ის სავაჭრო მისიის ფარგლებში, რომელშიც 9 ამერიკული კომპანია მონაწილეობს.  
 
შეხვედრაზე, მხარეებმა  განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს  შორის  ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდისა და განვითარების კუთხით  გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯები. ამასთან, თამარ ბერუჩაშვილმა ისაუბრა რეგიონში საქართველოს ეკონომიკური როლის ზრდის, სახელმწიფო და კერძო სექტორების აქტიური თანამშრომლობისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების  განვითარების საკითხებზე.
 
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ბიზნეს წრეების გააქტიურებას საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში. აშშ-ის სავაჭრო მისია არის ეფექტური საშუალება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და კონკრეტული ბიზნეს კავშირების დამყარების კუთხით.
 
ხაზი გაესვა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო დიალოგის მნიშვნელობას სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.
 
აშშ-მა კიდევ ერთხელ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ძალისხმევისადმი, გარდაიქმნას ბიზნესის, ვაჭრობისა და ლოჯისტიკის რეგიონულ ცენტრად. 
 

პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი