ინფორმაცია საქართველოსა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გამართული კონსულტაციების შესახებ

2006 წლის 27 ივნისს ლუქსემბურგში გაიმართა ორმხრივი კონსულტაციები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორს ლევან ბოძაშვილსა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორს ს. ლუკასს შორის.

შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და ლუქსემბურგის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები, კერძოდ, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის საქართველოში სავარუდო ვიზიტი, ორ ქვეყანას შორის არსებული სახელშეკრულებო ბაზა და საბანკო-საფინანსო სფეროში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები.

ამასთანავე, ლუქსემბურგის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ.

საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოს ურთიერთობებს მეზობელ სახელმწიფოებთან და თანამშრომლობას ევროკავშირთან.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს სწრაფვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ლუქსემბურგის მხარეს მიეწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით  საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის თაობაზე.

კონსულტაციებზე აგრეთვე განიხილეს რეგიონული თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს მონაწილეობა ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ ინიციატივებში, როგორებიცაა დსთ, სუამი და დემოკრატიული არჩევანის თანამეგობრობა.

 

2006 წლის 28 ივნისი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი