ინფორმაცია სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ვარდან ოსკანიანის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ

2006 წლის 27-28 ივნისს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვარდან ოსკანიანი.

ვიზიტის ფარგლებში 27 ივნისს გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან. 28 ივნისს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს  პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობას და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცების წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი დაბრუნების უზრუნველყოფის შესახებ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვარდან ოსკანიანმა ერთობლივი პრეს–კონფერენცია გამართეს.

 

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენციის ჩანაწერი

გელა ბეჟუაშვილი:

დღეს პატივი გვაქვს საქართველოში ვუმასპინძლოთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვარდან ოსკანიანს, რომელიც ამავე დროს ჩემი პირადი მეგობარიც გახლავთ. მე მინდა მივესალმო მას.

დღევანდელ შეხვედრაზე კონსტრუქციულ და მეგობრულ ვითარებაში განვიხილეთ ბევრი საკითხი, რომელიც ეხება საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებს. მინდა სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ საკმაოდ ბევრ საკითზე ვიმუშავეთ: შედგა ჩემი ვიზიტი ერევანში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამობრძანდა საქართველოში, ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა პოლიტიკური კონსულტაციები და ჩატარდა სახელმწიფო კომისიის სხდომა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის შესახებ. დღეს  ჩვენ კმაყოფილებით აღვნიშნეთ, რომ  მიღწეულია პროგრესი. რაც შეეხება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციას, სახელმწიფო კომისიამ ნაყოფიერად იმუშავა. უკვე შეთანხმებულია სახელმწიფო საზღვრის ასათ (110) კილომეტრიანი მონაკვეთი და ის  ფუნდამენტური პრინციპები, რასაც უნდა დავეყრდნოთ შემდგომი მუშაობისას. ჩვენი მიზანია, ამ თემაზე მუშაობა  წლის ბოლომდე დავასრულოთ და საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებს მაგიდაზე დავუდოთ გადაწყვეტილება და ხელშეკრულების პროექტი ჩვენი ერთობლივი საზღვრის დელიმიტაციის შესახებ.

ასევე კმაყოფილებით აღვნიშნეთ, რომ იზრდება ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა. ძალიან ნაყოფიერად მუშაობს ერთობლივი ეკონომიკური კომისია, რომელსაც ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრები ხელმძღვანელობენ. რაც შეეხება თანამშრომლობის განვითარებას ეკონომიკურ-ენერგეტიკულ სექტორში, ეს საკითხი იქნება განხილული მორიგ სხდომასა და იმ ბიზნეს-ფორუმზე, რომელიც ჩატარდება ბათუმში.  შეხვედრაზე აგრეთვე შევეხეთ იმ საკითხებს, რომელიც ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს. 

ჩვენს სომეხ კოლეგებს გავუზიარეთ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის საქმიანობის, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ, კერძოდ,  შევეხეთ იმ სახელმწიფო პროექტებს, რომელთა  განხორციელებას ვაპირებთ ჯავახეთის რეგიონში.

დღეს ჩვენ  განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც ეხება კრიმინალთან ბრძოლის ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას  და ვფიქრობთ, რომ დღევანდელი ხელშეკრულება არის ამისი ყველაზე ნათელი მაგალითი.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საუკუნეების მანძილზე საქართველოსა და სომხეთის ერთად  თანაცხოვრების მიუხედავად, ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო ინტენსიური კულტურული გაცვლა, ერთობლივი  საგანმანათლებლო პროგრამები, რათა განვამტკიცოთ ჩვენი სიახლოვე. საჭიროა განვამტკიცოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, მოვიზიდოთ  სხვა ქვეყნების რესურსები, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო პროექტების განსახორციელებლად.

რამდენიმე სიტყვით მინდა შევეხო იმ ფაქტს, რომელიც გუშინ ერაყში მოხდა. საკითხი ეხება რუსეთის ფედერაციის დიპლომატების მკვლელობას. ჩვენ ძალიან შეწუხებულნი ვართ და საქართველოს მთავრობის სახელით, თანადგომას და თანაგრძნობას ვუცხადებთ რუსი დიპლომატების ოჯახის წევრებს. ჩვენ ვგმობთ ამ აქტს და თანადგომას ვუცხადებთ რუსეთის ხელისუფლებას.

დიდი მადლობა.

ვარდან ოსკანიანი:

მე მოხარული ვარ, რომ  ვიმყოფები საქართველოში. ჩემმა კოლეგა მინისტრმა უკვე მოგახსენათ ჩვენს შორის გამართული საუბრის შესახებ. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ერთი საათის განმავლობაში ჩვენ ვერ შევძელით დღის წესრიგში მდგარი ყველა საკითხის განხილვა. იმედი მაქვს, ამ პრეს-კონფერენციის შემდეგ გამართულ სამუშაო სადილზე ჩვენ შევძლებთ ყველა იმ საკითხზე მსჯელობას, რაც ჩვენი საერთო ინტერესის საგანს შეადგენს. ჩვენს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობა ყოველდღიურად ფართოვდება და უწყვეტად ვითარდება.  მომავლისა და მიმდინარე პროცესების შესახებ ჩვენ საერთო აზრი გაგვაჩნია, თუმცა არსებობს განსხვავებული მიდგომები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება ამ პროცესების განხორციელება. სწორედ ამიტომ იძენს ჩვენი დისკუსიები და ორმხრივი დიალოგი ესოდენ დიდ მნიშვნელობას.

მე ვუერთდები  რუსეთის მთავრობისა და რუსი ხალხის მიმართ ჩემი კოლეგის მიერ გამოთქმულ სამძიმარს.  ჩვენ გამოვთქვამთ სინანულს იმის გამო, რომ ამ ვანდალურმა აქტმა რუსი დიპლომატების სიცოცხლე შეიწირა.

კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ.

ტელე-კომპანია «იმედი»:

მოგესალმებით. ბატონო გელა, თავდაპირველად იმ დოკუმენტის შესახებ, რომელსაც დღეს მოეწერა ხელი. ეს განხორციელდება საგარეო სამინისტროების დონეზე, შემდგომში როგორ განვითარდება ამ სფეროში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა?

მეორე კითხვა მაქვს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან.  თქვენ აღნიშნეთ, რომ გარკვეულწილად შეეხეთ ჯავახეთის პროგრამებს, საქართველოში ეს ძალიან აქტუალური თემაა. მე მინდა ყურადღება შევაჩერო არასამთავრობო ორგანიზაცია «ჯავახკიზე», რომელსაც აქვს გამოსვლები სამცხე-ჯავახეთში. ისინი ითხოვენ ავტონომიას. რამდენად მისაღებია მათი მოთხოვნები ბატონი მინისტრისათვის და თვითონ თუ ეთანხმება ავტონომიის მოთხოვნას?

გელა ბეჟუშვილი:

რაც შეეხება პირველ კითხვას, შეთანხმებას  ჩვენ ხელი მოვაწერეთ მთავრობების სახელით. ბუნებრივია, ამაზე იმუშავეს შინაგან საქმეთა სამინისტროებმა. ამ შემთხვევაში, ჩვენ უფლებამოსილნი ვართ საქართველოს მთავრობის სახელით მოვაწეროთ ხელი, თუმცა ამ ხელშეკრულების იმპლემენტაციაზე ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები იმუშავებენ.

ვარდან ოსკანიანი:

სრულად ვეთანხმები ბატონ მინისტრს. ამ შეთანხმების ხელმოწერით ჩვენ შევქმენით სამართლებრივი საფუძველი, რაც სამართალდამცავ ორგანოებს ერთობლივი მუშაობისა და იმ  დარღვევათა თავიდან აცილების  საშუალებას მისცემს, რომლებსაც ეს შეთანხმება ითვალისწინებს.

რაც შეეხება მეორე კითხვას, მე არ მაქვს რაიმე ინფორმაცია ამ ორგანიზაციის შესახებ. ვფიქრობ, ეს საკითხი საქართველოს მთავრობის კომპეტენციის სფეროში შედის. მე ვიცი, რომ საქართველოს მთავრობას  ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გააჩნია.

გელა ბეჟუშვილი:

დავამატებ რამდენიმე სიტყვას. ჩვენ  ვაფასებთ ამგვარ ძალიან პასუხიმგებლიან მიდგომას სომხეთის მთავრობის მხრიდან, როდესაც აღიარებს, რომ ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის პრეროგატივა.

ტელეკომპანია «ერკირ მედია»:

შეკითხვა ეხება ჯავახეთს. თქვენ აღნიშნეთ, რომ საქართველოს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ჯავახეთის პროექტებს. გვინდა მოვისმინოთ უფრო კონკრეტული პასუხი იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც განხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში. როგორ მოხდება ამ პროექტების განხორციელება, რომელი კომპანიები მიიღებენ  მონაწილეობას და მიიღებს თუ არა მათში მონაწილეობას ჯავახეთის მოსახლეობა?

ასევე კითხვა შეეხება რეგიონის კულტურულ და საგანმანათლებლო განვითარებას. თქვენ აღნიშნეთ, რომ აქ დაინერგება ევროპული მოდელი. თუ შეიძლება უფრო დეტალური ინფორმაცია ამის შესახებ.

გელა ბეჟუაშვილი:

პროექტი ხორციელდება ჯავახეთის რეგიონში  ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ აშშ-ს მთავრობასთან. 300 მილიონიანი ღირებულების პაკეტიდან 102 მილიონი დოლარი გამოყოფილი იქნება სამცხე-ჯავახეთში გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნით, 49.5 მილიონი დოლარი გამოყოფილი იქნება ამ პროგრამის საერთო კონტექსტში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე.

ამჟამად მიმდინარეობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითრების კონკრეტული პროექტების იდენტიფიცირება. როგორც მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი ხორციელდება ტრანსპარანტულობის საფუძველზე. საერთაშორისო ტენდერში მონაწილეობას მიიღებენ ის კომპანიები, რომლებიც პასუხობენ საერთაშორისო ტენდერის მოთხოვნებს, მაგრამ არსებობს მოთხოვნა, რომ დასაქმებული მუშახელის გარკვეული ნაწილი, 10-15 პროცენტი უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობა. ეს იყო ჩვენი პოზიცია.

რაც შეეხება მეორე შეკითხვას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული კავშირების განვითარება მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და სომხეთს საუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ.  ამ მეგობრობას სჭირდება განმტკიცება სწორი კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელბის გზით. ჩვენ ვქმნით, ჩვენ ვმუშაობთ ქართული ენის განვითარების ეროვნულ პროგრამაზე. ეს საქართველოს მთავრობის სახელმწიფო პროგრამაა. ჩვენ  ასევე ვისაუბრეთ ქართული ენის სწავლებაზე ჯავახეთში ისევე, როგორც სხვა რეგიონებში, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებითაა დასახლებული. 32 მილიონი დოლარი მოხმარდება არსებული სკოლების რეაბილიტაციას და მშენებლობას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. ამ 32 მილიონიან კალათაში განსაზღვრულია იმ სკოლების რეაბილიტაცია და მშენებლობაც, რომლებიც განლაგებულია ჯავახეთის რეგიონში. ბევრი იდეა გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება, როგორ უნდა შეიქმნას ე.წ. ტრანსსასაზღვრო კოოპერაცია. ეს ევროპული პრაქტიკის ნაწილია, ჩვენ ვართ ტრანსსასაზღვრო კოოპერაციის შესახებ მრავალი კონვენციის მონაწილე. უნდა გამოიკვეთოს ტრანსასაზღვრო კოოპერაციის კონკრეტული მოდელი იმისათვის, რომ ადამიანებმა, რომლებიც იქ ცხოვრებენ, მიიღონ ჩვენი საქმიანობის კონკრეტული შედეგები.

სომხეთის “მე-2 არხი”:

აპირებს თუ არა საქართველო თურქეთთან ერთად გაიღოს დამატებითი ხარჯები ყარსი-ახალქალაქი-თბილისის სარკინიგზო ხაზის მშენებლობისთვის იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს კონგრესი ნებას არ დართავს ამერიკის ადმინისტრაციას დააფინანსოს ეს პროექტი?

გელა ბეჟუაშვილი:

ჯერჯერობით საუბარი არ არის თანხების გამოყოფაზე, რადგან მიმდინარეობს ამ პროექტის დაგეგმარება. რაც შეეხება სარკინიგზო ხაზის მშენებელობას, ეს კომერციული საკითხია. ახლა დგას არა მხოლოდ ამ ხაზის ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხი, არამედ ასევე მიმდინარეობს მარკეტინგული კვლევა, თუ რამდენად მომგებიანია ეს ხაზი ეკონომიკური თვალსაზრისით. ამიტომ ამჟამად ჩვენ არ გამოვყოფთ არანაირ თანხებს, ვიდრე არ გვექნება საერთო სურათი თუ რა მოცულობის ტვირთი გაივლის ამ ხაზზე. ჩვენ დაინტერესებულნი ვართ ჩვენი სატრანზიტო გზების დივერსიფიცირებით და მე ამ საკითხს არ დავუკავშერებდი აშშ-ს კონგრესის სხდომას. თუ ეს პროექტი იქნება კომერციულად მომგებიანი, მაშინ გამოჩნდება დაფინასების სხვა წყაროებიც, მაგრამ საკითხი ჯერ ასე არ დგას.

ვარდან ოსკანიანი:

მინდა რამდენიმე სიტყვა დავამატო. სომხეთის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის საკმაოდ ნათელი, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სომხეთი მზადაა მისცეს თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შესაძლებლობა ისარგებლოს ამ ხაზით სომხეთის მონაწილეობის გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია  მხარეებმა იცოდნენ, რომ სომხეთი მზადაა მისცეს მხარეებს ამ ხაზით სარგებლობის შესაძლებლობა.

აზერბაიჯანის ტელევიზია:

ჩემი შეკითხვა ბატონ ვარდან ოსკანიანისთვის არის გამიზნული. ბატონო მინისტრო, რატომ არ ასრულებს სომხეთი გაეროს რეზოლუციას აზერბაიჯანის დაპყრობილი ტერიტორიის გათავისუფლების შესახებ?

ვარდან ოსკანიანი:

მინდა აღვნიშნო, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებში საუბარია ადგილობრივ სომხურ ძალებზე და არა მთლიანად სომხეთზე, როგორც აღნიშნულ პროცესებში ჩართულ ქვეყანაზე. ეს რეზოლუციები მკაფიოდ განსაზღვრავს იმას, თუ რა უნდა გააკეთოს თითოეულმა მხარემ. აზერბაიჯანს თავისი ვალდებულებები აქვს, სომხეთს - თავისი. თუ ამ რეზოლუციებს ყურადღებით წაიკითხავთ, ნახავთ, რომ სომხეთის მიმართ არ არსებობს რაიმე ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ მან მოახდინა რომელიმე ქვეყნის ოკუპაცია.

გაზეთი «აზგი»:

მე ორი შეკითხვა მაქვს ბატონ ოსკანიანთან. პირველი, რაში მდგომარეობს საქართველო-სომხეთის საზღვარზე პოსტების რაოდენობის გაზრდის ლოგიკა და საჭიროება, თუ ეს ინფორმაცია სარწმუნოა, რა თქმა უნდა.

რას იტყვით მეთიუ ბრაიზას ამასწინდელ კომენტართან დაკავშირებით, სადაც მან იმსჯელა მოლაპარაკებათა დეტალების შესახებ?

გელა ბეჟუაშვილი:

რაც შეეხება პოსტების რაოდენობას, მე არ ვიცი რამდენად გაიზარდა მათი რაოდენობა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ – ორი ქვეყანა საერთო კონტექსტში საზღვრების მოწყობის მიზნით. ის ძირითადი ამოცანა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, არის საზღვრის სამართლებრივი გაფორმება. თუ ჩვენ ახლა დავასრულებთ ჩვენი საზღვრის სამართლებრივ გაფორმებას, შემდეგი წლიდან განხორციელდება დემარკაცია, რომელიც წარმოადგენს საზღვრის ტექნიკურ მოწყობას. საზღვრის ტექნიკური მოწყობა ითვალისწინებს რუქაზე საზღვრის ფაქტიური მდგომარეობის დატანას. რაც შეეხება პოსტების რაოდენობას, თუ მოხდა მათი რიცხვის ზრდა, ეს განხორციელდა საზღვრის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით. ალბათ, იცით, რომ რუსეთის სამხედრო ბაზებიდან  პერსონალისა და ტექნიკის სომხეთში ტრანსპორტირება საზღვრის გავლით მიმდინარეობს. ალბათ, პოსტების რიცხვის გაზრდა ამით არის განპირობებული. მე არ გამოვრიცხავ, რომ პოსტების რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს მას შემდეგ, რაც მოხდება საზღვრის მოწყობა.

ვარდან ოსკანიანი:

რაც შეეხება მეთიუ ბრაიზას განცხადებას, ამასთან დაკავშირებით სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გააკეთა განცხადება, რომელიც მას-მედიის საშუალებებით გავრცელდა და რომელშიც გაცემულია პასუხი ამ კითხვაზე. მთიანმა ყარაბაღმა,  რეფერენდუმის გზით მისი  სტატუსის საბოლოოდ განსაზღვრამდე, დროებითი სტატუსი უნდა შეინარჩუნოს. ამასთან, პირველად დაფიქსირდა ის, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემა თავად მთიანი ყარაბაღის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს რეფერენდუმის გზით.

 

2006 წლის 27 ივნისი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი