ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრები გამართა

2015 წლის 16 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ შეხვედრა გამართა ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ანდრიუს კრივასთან.

გიგი გიგიაძემ ლიტველ კოლეგას მიულოცა ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავი, რომელიც 11 მარტს აღინიშნა და მადლობა გადაუხადა იმ პოლიტიკური მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარებისათვის, რასაც ლიტვა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ახორციელებს. შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა საქართველოსა და ლიტვას შორის არსებული ნაყოფიერი  ურთიერთობები. ამ მხრივ ხაზი გაესვა აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე არსებული კონტაქტებისა და ვიზიტების მაღალ დინამიკას.

შეხვედრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებს, კერძოდ, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმებსა და მოსკოვს შორის ე.წ. „შეთანხმებების“ გაფორმებას. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაგმო აღნიშნული ე.წ. „შეთანხმებები“ და დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ლიტვის მტკიცე მხარდაჭერა.

ასევე გაიმართა ხანმოკლე შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან თამარ ბერუჩაშვილთან, რომლის დროსაც განხილულ იქნა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი და მოლოდინები რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე.

ლიტველი დიპლომატი საქართველოს ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის მმართველი საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველო ვილნიუსში მდებარე ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის პირველი არა-ნატოს წევრი კონტრიბუტორი ქვეყანა 2014 წლის ოქტომბერში გახდა.

პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი