ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის დავით დონდუას კომენტარი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღრმა შეშფოთებით აღიქვა ინფორმაცია, რომ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს 18 მარტს უმასპინძლებენ კრემლში, „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ“ ე.წ. „ხელშეკრულების“ ხელმოსაწერად. იმავე დღეს, დადეგმილია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. ბუნებრივია, მოსკოვში ხელმოწერის ცერემონიალი მძიმე ფონს შექმნის ჩვენი შეხვედრისათვის. მე გუშინ ვესაუბრე ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელს, ბატონ ჰერბერტ ზალბერს და გავუზიარე მას ჩვენი გულისწყრომა. მე ვთხოვე ბატონ ზალბერს, თანათავმჯდომარეთა სათანადო რეაგირება მოსკოვის ამ დემარშზე.

მოსკოვის მიერ ცხინვალთან და სოხუმთან ხელმოწერილ ე.წ. „ხელშეკრულებებს“ საერთაშორისო სამართლებრივი მნიშვნელობა არ გააჩნია. მეტიც, საერთაშორისო თანამეგობრობა კარგად იცნობს საქართველოს პოზიციას, რომ ამ ხელშეკრულებებით ხდება ორივე რეგიონის თანდათანობითი ანექსია რუსეთის სოციალურ, ეკონომიკურ, ადმინისტრაციულ და - განსაკუთრებით - სამხედრო და უსაფრთხოების ინსტიტუტებში. ის, რომ ჩვენი რუსი კოლეგები ხელმოწერის თარიღს ამთხვევენ ჟენევის მორიგ რაუნდს თავად ჟენევის მოლაპარაკებების და მათი თანათავმჯდომარეების გამიზნული შეურაცყოფაა. ამგვარი ქცევა კიდევ ერთხელ მიგვითითებს, რომ სამწუხაროდ რუსეთი საკუთარ თავს არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის მიღმა აყენებს, არამედ მარტივ დიპლომატიურ პროტოკოლსაც აღარ სცემს პატივს.

ამგვარი დემონსტრაციული ქცევა, რუსეთის მეზობლების მიმართ გამოჩენილ აგრესიასთან ერთად, კიდევ ერთხელ უნდა ახსენებდეს ჩვენს ევროპელ კოლეგებს და სამშვიდობო პროცესის შუამავლებს, თუ რამდენად სერიოზული გამოწვევების წინაშე იმყოფება საქართველო. 

ჩვენ მოვუწოდებთ თანათავმჯდომარეებს გააორმაგონ ძალისხმევა, რათა რუსეთმა უპასუხოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველოს განცხადებას. ძალის გამოუყენებლობა ეს რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებაა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესაბამისად.

ამავე დროს, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ევროპელ და სხვა მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ განიხილონ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები, რომლებიც ჩვენს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას განამტკიცებს.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო რჩება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატისა და არსის ერთგული, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით, საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ერთადერთ პლატფორმას. ჩვენ მზადა ვართ მშვიდად, ღიად და კონსტრუქციულად განვიხილოთ არსებული ვითარებიდან გამოსავალი ყველა სხვა მონაწილესთან ერთად. ჩვენ მოვუწოდებთ დისკუსიების მონაწილეებს რუსეთიდან, ანალოგიური პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას.

პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი