საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

2015 წლის 14 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა გამართა შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ელჩთან კიასტუტის იანკაუსკასთან.
 
 
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 10 ივლისს, გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის გამო. აღინიშნა, რომ რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაცია წარმოადგენს მცოცავი ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის ნაწილს და მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სრულ იზოლაციაში მოქცევას.
 
 
თავის მხრივ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისია განაგრძობს ინტენსიურ პატრულირებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, შესაძლო ინციდენტებისა და მდგომარეობის ესკალაციის არდაშვების მიზნით. აღნიშნულ კონტექსტში საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მისიის მნიშვნელობას და მისი მანდატის სრულად განხორციელების, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას.