საგარეო საქმეთა მინისტრი წამების საკითხებზე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდა

2015 წლის 12 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი შეხვდა წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის საკითხებზე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს ხუან მენდეზს.
 
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ სპეციალურ მომხსენებელს გააცნო ადამიანის უფლებების სფეროში ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები. ხაზი გაესვა  ადამიანის უფლებათა სფეროში საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ  სტრატეგიას და მის სამოქმედო გეგმას, რომლებიც სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ეფექტური მექანიზმების ჩამოყალიბებას ადამიანის წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების არდაშვებისა და ნებისმიერ შემთხვევაზე დროული, მიუკერძოებელი და სრულყოფილი რეაგირების უზრუნველსაყოფად.
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ შემაშფოთებელ მდგომარეობაზე, სადაც გრძელდება ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლების უხეში დარღვევა. ხაზი გაესვა ოკუპირებულ რეგიონებში მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობას. ამ კონტექსტში მინისტრი მიესალმა სპეციალური მომხსენებლის ძალისხმევას ოკუპირებულ რეგიონებში ვიზიტის განხორციელების მიზნით.   
 
გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის ვიზიტი, საქართველოს მთავრობის მოწვევის საფუძველზე, 12 მარტს დაიწყო და 19 მარტამდე გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში სპეციალური მომხსენებელი შეხვდება როგორც საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, სახალხო დამცველს, ასევე მოინახულებს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს.
 
პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი