საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოებისთვის ოფიცალური მოწვევების გაგზავნის შესახებ

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაგაცნობებთ, რომ 2012 წლის 11 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ, 2012 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით, ოფიციალური მოსაწვევები გაუგზავნა ევროკავშირის, ნატო-სა და სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოებს, მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ავტორიტეტული არასამთავრობო ინსტიტუტებისათვის გაგზავნილ წერილებზე დამატებით.

აღნიშნულ მოსაწვევებში საქართველო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობას და ადასტურებს მზადყოფნას, ყოველგვარი მხარდაჭერა აღმოუჩინოს ევროკავშირის, ნატო-სა და სუამ-ის წევრი ქვეყნების დამკვირვებლებს საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისათვის.

თბილისი, 2012 წლის 11 მაისი