საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვასთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გაიმართა

2015 წლის 13 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საგანგებო შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. მინისტრის პირველმა მოადგილემ და მინისტრის მოადგილეებმა უცხოელ დიპლომატებს მიაწოდეს ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 10 ივლისს, გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის შესახებ და აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პოზიცია გააცნეს.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის უკანონო, ე.წ „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელებას და უხეშად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრონციპებს. ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ აღნიშნული სოფლების სიახლოვეს მდებარეობს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული მონაკვეთები, ხოლო განხორციელებული უკანონო ქმედებების შედეგად, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, დაგმოს რუსეთის ფედერაციის ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს და მიიღოს ქმედითი ზომები რუსეთის უკანონო პოლიტიკის აღსაკვეთად.