საქართველოს პრეზიდენტმა ალექსანდრე ლომაია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა

დაჯილდოება

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი წვლილისათვის, ნაყოფიერი დიპლომატიური და სახელმწიფო მოღვაწეობისათვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე ლომაია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:  დღეს ჩვენ ვაჯილდოვებთ არა მხოლოდ ძალზედ მნიშვნელოვან ქართველ მოღვაწეს, არამედ ერთ-ერთ ყველაზე ძველ ქართველ დიპლომატს აქ წარმოდგენილთა შორის. ალექსანდრე ლომაია იყო საქართველოს პირველი ელჩი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. იგი მართლაც ძალზედ დიდი სტაჟისა და დამსახურების მქონე მოღვაწეა. ამას გარდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ალექსანდრე ლომაია ქართული თანამედროვე რეფორმატორული სივრცის ერთ-ერთი დამფუძნებელია, რომელსაც უკვე მთელს მსოფლიოში აქვს განთქმული სახელი და რომელმაც შეუქცევადად შეცვალა ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ.

მისი გამოცდილებიდან გამოვყოფდი განათლების მინისტრობის პერიოდს - იგი იყო ბრწყინვალე მინისტრი, რადგან განათლების სისტემაში სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა ბევრი რეფორმა. მათ შორის, უპირველესია ერთიანი ეროვნული გამოცდები, რომელიც საქართველოში ამ დღეებშიც მიმდინარეობს. ამ ცვლილების წყალობით, მთლიანად ამოტრიალდა და დასამარდა კორუმპირებული სისტემა, რომლითაც საზრდოობდა რამდენიმე ასეული ან ათასი ადამიანი და რომელიც სამუდამოდ უკარგავდა ქართველ ახალგაზრდებს შრომითა და სწავლით სამართლიანობისა და წარმატების მიღწევის იმედს.

ჩვენთან მთავარი კორუფცია იყო არა მხოლოდ პოლიციაში, რომელიც, თავის მხრივ, ძალზედ კორუმპირებული იყო, არა ზოგადად სახელმწიფო აპარატში, არამედ სწორედ განათლების სისტემაში. ამის გამო ბევრ ჩვენს თანამემამულეს, ბევრ ქართველს მოუხდა საქართველოს დატოვება.

ალექსანდრე ლომაიამ შეუქცევადად შეცვალა ამ სისტემაში არსებული ვითარება.

ეს მართლაც კეთილშობილური ქმედებაა და ჩემთვის დიდი პატივია, განსაკუთრებული დამსახურებისთვის საქართველოს დღევანდელობისა და მომავლის წინაშე, მას  წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადავცე.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი  ალექსანდრე ლომაია: ძნელია იმაზე დიდი პატივის წარმოდგენა, ვიდრე ემსახურებოდე საქართველოს, დამოუკიდებელ სამშობლოს და ამ უდიდესი პატივისთვის მიიღო მაღალი სახელმწიფო ჯილდო. ამაზე არც კი მიოცნებია.

ადამიანები თავიანთ ცხოვრებას პერიოდებად ყოფენ. ვარდების რევოლუციის შემდეგ ასეთი პერიოდი, ჩემთვის, სიმბოლურად, აჭარის ერთი პატარა სოფლის პატარა სკოლის ეზოში დაიწყო, სადაც 2005 წლის სექტემბერში 11 ნერგი დარგეს. სწორედ იმდენი, რამდენი სტუდენტიც ჩაირიცხა ამ პატარა სოფლიდან ჩვენს ყველაზე პრესტიჟულ საგანმანათლებლო უმაღლეს  დაწესებულებებში.

დღეს ეს პერიოდი გრძელდება გაერთიანებული ერების  ორგანიზაციაში, სადაც საქართველოს მისია ცდილობს და ჯერჯერობით ახერხებს იმას, რომ არც ერთი დიპლომატიური ორთაბრძოლა არ დათმოს ჩვენს არაკეთილმოსურნესთან.

მანამდე კი, იყო 2008 წლის აგვისტო, გორი და საკუთარი თვალით დანახული ჩვენი ასობით მედიკოსის, ექიმის, სანიტრის, მძღოლის, მეხანძრის, სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლის, სასულიერო პირისა და უბრალო ადამიანის სამოქალაქო თავდადება.

ბატონო პრეზიდენტო, თუკი ამ წლების განმავლობაში რამის გაკეთება მოხერხდა, ეს სწორედ იმ ასობით პატიოსანი და პროფესიონალი ადამიანის წყალობით მოხდა, ვისთან ერთადაც  მუშაობის პატივი მხვდა წილად.

ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა ამ ნდობისთვის, უწყვეტი მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ საშუალება მომეცით მეკეთებინა ის, რაც ყველაზე დიდ პატივად მიმაჩნდა და მიმაჩნია - ვემსახურო საქართველოს.

და ბოლოს, დიდ მადლობას მოვახსენებ საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ გრიგოლ ვაშაძეს და ყველა ჩემს კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობით, მოქალაქეობისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებენ.

დიდი მადლობა!

 

 

 

2011 წლის 7 ივლისი 

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი