საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება თუნისის რესპუბლიკის დედაქალაქ თუნისში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

საქართველო მკაცრად გმობს 2015 წლის 18 მარტს თუნისის რესპუბლიკის დედაქალაქ თუნისში მდებარე „ბარდო“-ს ეროვნულ  მუზეუმში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რომელსაც სულ მცირე 20 უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ათობით დაშავდა.  

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და იმ სახელმწიფოთა მთავრობებს, რომელთა მოქალაქეების სიცოცხლეც შეეწირა აღნიშნულ თავდასხმას.

საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და გამოვთქვამთ იმედს, რომ აღნიშნულ შემზარავ აქტში დამნაშავეები წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. საქართველო მხარს უჭერს თუნისის რესპუბლიკის მთავრობის მისწრაფებას დემოკრატიული ფასეულობებისადმი და სჯერა, რომ თუნისელი ხალხი შესძლებს ყველა დაბრკოლების დაძლევას დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე.

თბილისი, 2015 წლის 19 მარტი