საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი ეწვია

საქართველოს ორ დღიანი სახელმწიფო ვიზიტით თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი ეწვია. თურქმენეთის პირველი პირის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიაში  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი,  თამარ ბერუჩაშვილი, ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი,  საქართველოს  პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და თურქმენეთის სახელწიფო დელეგაციის წევრები მონაწილეობდნენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით აღნიშნული ვიზიტი ისტორიულია და მას  განსაკუთრებული დატვირთვა აქვს საქართველოსა და თურქმენეთს შორის  ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში. „იმედი გვაქვს, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრები,  რომელსაც ისტორიული ხასიათი აქვს, დამთავრდება საინტერესო შედეგებით ორი ქვეყნის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავებისთვის, ასევე რეგიონალური პროექტების განხორციელების კუთხით“ - განაცხადა საქართველოს საგარეო მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქმენ კოლეგას პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს, სადაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად შეხვდებიან. საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტები სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის თაობაზე ორმხრივ ხელშეკრულებებს გააფორმებენ.  
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი საქართველოს პრემიერ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს შეხვდება. 

თურქმენეთის პრეზიდენტი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 3 ივლისს დატოვებს.