„საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლების განმალობაში შეძლო ადამიანის უფლებათა სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა“-გიორგი კვირიკაშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიშის შესახებ

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ანგარიშს საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.  დოკუმენტში ასახულია  2011 წლიდან დღემდე  საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული რეფორმებისა  და  აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ინფორმაცია.

მინისტრის შეფასებით წარმოდგენილი ანგარიში ცხადყოფს იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური პრინციპების უზრუნველსაყოფად და  დემოკრატიული, ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე.

„გუშინდელმა განხილვამ, ნათლად წარმოაჩინა ის პროგრესი,  რასაც  საქართველომ  ბოლო წლებში მიაღწია დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის გზაზე,  ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროებში,  როგორიც არის სასამართლოს დამოუკიდებლობა;  სასჯელაღსრულების სისტემაში გატარებული რეფორმები; წამების და არაადამიანური მოპყრობის აღმოფხვრის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები; მედია-გარემოს და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა და კოდექსის შემუშავება; უმცირესობათა ინტეგრირება საზოგადოებაში და ქვეყანაში ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნების უზრუნველყოფა“-განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ეს განხილვა  ასევე უმნიშვნელოვანესი იყო  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებითაც. რადგან  გაეროს წევრი ქვეყნების  მხრიდან   ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირდა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არსებობა.

„მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლების განმალობაში შეძლო ადამიანის უფლებათა სფეროში ამგვარი პროგრესის მიღწევა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას  ააშენოს ჭეშმარიტად დემოკრატიული, ევროპული ტიპის სახელმწიფო და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრესს აფასებენ და ხედავენ ჩვენი პარტნიორები.