ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულმა კონცერტმა ბერლინში ანშლაგით ჩაიარა

ბერლინში ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა. საიუბილეო საღამო ფესტივალ „young euro classic”-ის ოფიციალური პროგრამის ფარგლებში ბერლინის ისტორიულ დარბაზ „კონცერტჰაუზში“ შედგა. საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკა რაჭველის ხელმძღვანელობით მაესტროს საიუბილეო თარიღს კონცერტებს მთელი წლის განმავლობაში მიუძღვნის. ბერლინში ჩატარებული კონცერტი აღნიშნული ტურნეს პირველი ღონისძიებაა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ცნობილმა გერმანელმა ჟურნალისტმა და ფესტივალის თანადამფუძნებელმა ულრიხ დეპენდორფმა მიმართა. პროექტი გერმანიაში საქართველოს საელჩოს პატრონაჟითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფონდ „დაად“-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

„გერმანელმა მაყურებელმა ბერლინში პატივი მიაგო ბატონ გია ყანჩელს, მსოფლიოში ცნობილ და აღიარებულ ქართველ კომპოზიტორს და ამით ქართულ კულტურას. დღეს იყო ქართული კულტურის კიდევ ერთი გამარჯვების დღე. მე მინდა საქართველოს საელჩოს სახელით ძალიან დიდი მადლობა მოვახსენო ბატონ გია ყანჩელს, რომელიც ჩამობრძანდა და თავისი აქ ყოფნით კიდევ ერთხელ გამოხატა ქართული კულტურისადმი მისი დამოკიდებულება, გერმანელი მაყურებლისადმი მისი დამოკიდებულება, რაც დამსწრე საზოგადოების ოვაციებში ასევე იქნა აღქმული“ - განაცხადა გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ.

კონცერტის ფარგლებში გია  ყანჩელის ნაწარმოებებთან ერთად შესრულდა ცნობილი ესტონელი კომპოზიტორის არვო პიარტის მუსიკა. საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ცნობილი ქართველი მუსიკოსები  დუდანა მაზმანიშვილი, ანდრეს მუსტონენი, გიორგი ცაგარელი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი და მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი, წმინდა სამების ტაძრის საკათედრო გუნდი და გერმანიაში მოღვაწე სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატთაგან შემდგარი ვოკალური ანსამბლი.

ქართველი მაესტროს საიუბილეო საღამოს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გერმანიის ბუნდესთაგის, ადგილობრივი მედიისა და კულტურის სფეროს სახელგანთქმული წარმომადგენლები დაესწრნენ.