​„ამ ვიზიტს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგან საქართველო ჩვენი ახლო პარტნიორია,” - ვოლტერ სტივენსი, ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე.

05.10.2017 ქ. თბილისი - ვოლტერ სტივენსმა, ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, კომიტეტის წევრების საქართველოში  ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის ელჩების  საქართველოში სტუმრობა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს: „ჩვენ ამ ვიზიტს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რადგან ვიცით, რომ საქართველო ჩვენი ყველაზე ახლო პარტნიორია რეგიონში“, -განაცხადა ვოლტერ სტივენსმა.

საქართველოს ვიცე პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინსტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის ფარგლებში ვოლტერ სტივენსმა დადებითად შეაფასა ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის დინამიკა და რეფორმების გატარების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას ხაზი გაუსვა: „საქართველო  არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი რეგიონში.  მსურს აღვნიშნო ის უზარმაზარი ძალისხმევა, რაც საქართველომ გასწია რეფორმების განხორციელების კუთხით ყველა მიმართულებით, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის პროცესში. ძალიან მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ ქართველებს შეუძლიათ ისარგებლონ ვიზა ლიბერალიზაციით, რაც მოითხოვდა გარკვეული რეფორმების გატარებას და საქართველომ ნადვილად წარმატებით შეასრულა ეს“.

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ელჩები პირადად გაეცნობიან საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს და ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას. ასევე მოინახულებენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) საველე ოფისისა და ოკუპაციის ხაზს: „კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს გვერდით დგომა ძალიან მნიშვნელოვანია, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა, სწორედ ამას ვაპირებთ ხვალ, როცა  მოვინახულებთ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს, იმისთვის რომ ჩვენი თვალით ვიხილოთ ის პრობლემები, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია ქმნის,“-განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ვიზიტის ფარგლებში PSC-ის ელჩები ასევე შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან,  საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, საქართველოს პარლამენტის  თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, ამასთანვე დაგეგმილია შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.