​ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

28.12.2018 თბილისი -  საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ძი იენჩის შეხვდა.​მხარეებმა შეაჯამეს მიმდინარე წელი და განიხილეს 2019 წელს დაგეგმილი ღონისძიებები.

კმაყოფილებით აღინიშნა, რომ 2018 წლის 11 თვის მონაცემებით ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ თითქმის ერთ მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია და მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოს გადააჭარბებს ამ მაჩვენებელს. ხაზი გაესვა, რომ ვაჭრობის მოცულობის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლამ. 

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ქ. შანხაიში ჩინეთის პირველ საიმპორტო გამოფენაში მონაწილეობის მიღებას და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი მამუკა ბახტაძის წარმატებულ ვიზიტს აღნიშნული გამოფენის გახსნაზე, რომლის დროსაც შედგა შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტთან, ბატონ სი ძინპინთან. 

ხაზი გაესვა 2019 წელს საქართველოს და ჩინეთს შორის მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების და ვიზიტების გახშირების აუცილებლობას და გამოითქვა მზადყოფნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაგრძონ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს 2018 წლის დეკემბერში საქართველოს და ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გამართული მორიგი პოლიტიკური კონსულტაციები, ასევე, განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის კონკრეტული საკითხები და შეთანხმდნენ, რათა განაგრძონ არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა.