​ევროკავშირმა ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა

13.04.2018 ქ. ვენა - 2018 წლის 12 აპრილს ეუთო-ს მუდმივ საბჭოზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას, გამოსვლის საპასუხოდ გაკეთებულ განცხადებაში ევროკავშირმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე, როგორც არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მიმართ.  

ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის ახალ პაკეტს და აღნიშნა მისი მნიშვნელობა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის.

ევროკავშირის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უკანონო სამხედრო ყოფნისა და მილიტარიზაციის გზით. ამ კონტექსტში განცხადებაში აღინიშნა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და იმპლემენტაციის აუცილებლობა.  ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ხაზი გაუსვა ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას, მათ შორის, ძალის არგამოყენების პრინციპის იმპლემენტაციის უზრუნველყოფის მიზნით.

ევროკავშირის განცხადებაში ასევე აქცენტი გაკეთდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებზე, როგორც კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების და გამოწვევების განხილვისთვის მნიშვნელოვან ფორმატებზე.
ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე სიტუაციასთან დაკავშირებით, რაც გამოწვეულია გადაადგილების შეზღუდვით, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვით და საკუთრების უფლების დარღვევით. საუბარი ასევე შეეხო ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხს, რომელიც წარმოადგენს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ  თემას. ევროკავშირმა მწუხარება გამოთქვა, რომ რუსეთის და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების მიერ მოლაპარაკებების დატოვების გამო, ჟენევის ფორმატში კვლავ ვერ მოხერხდა საგნობრივი დისკუსიების გამართვა დევნილების საკითხზე.
ევროკავშირმა დაგმო არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტი და აღნიშნა სრულფასოვანი გამოძიების ჩატარების და მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა, მათ შორის ოთხოზორიასა და ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებზე.

ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობას.
[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '18361')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.