​ჯაკარტაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინდონეზიის უნივერსიტეტს შორის პარტნიორული ურთიერთობები გაღრმავდება

19.06.2017 ქ.ჯაკარტა -  ინდონეზიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ინდონეზიის უნივერსიტეტში და საქართველოს საელჩოში გაიმართა ლექციები თემაზე: „პირველი ადამიანები აფრიკიდან: დმანისის (საქართველო) ადრეული პერიოდის ადამიანები“. ლექციები წაიკითხა ფილიპინების უნივერსიტეტის არქეოლოგმა მილენ ლისინგმა, რომელიც წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და რეგულარულად მონაწილეობს საქართველოში მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებში.

ღონისძიებებს ესწრებოდნენ ჯაკარტაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ინდონეზიის კულტურისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, არქეოლოგები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ინდონეზიაში საქართველოს ელჩმა, ზურაბ ალექსიძემ, რომელმაც ისაუბრა განათლებისა და კულტურის სფეროში საქართველო-ინდონეზიის ურთიერთობებზე. ელჩმა აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია 2017 წლის ოქტომბერში ინდონეზიის ეროვნულ მუზეუმში დაგეგმილი დმანისის არქეოლოგიური ნიმუშების ასლების გამოფენის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ინდონეზიას ეწვევა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი, პროფესორი დავით ლორთქიფანიძე.

უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა ინდონეზიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი, რომელმაც აღნიშნა, რომ დმანისის აღმოჩენების და ქართული არქეოლოგიის უკეთ გაცნობის მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ინდონეზიის უნივერსიტეტი დაინტერესებულია საქართველოში მიავლინოს ინდონეზიელი არქეოლოგი, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ორ უნივერსიტეტს შორის პარტნიორული ურთიერთობების განვითარების საქმეში.