საქართველო-მოლდოვა-უკრაინის სამმხრივი შეხვედრა რიგის სამიტამდე

2015 წლის 11 მარტს ქ. თბილისში  საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის და უკრაინის წარმომადგენლებმა, საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე, შეხვედრა გამართეს სამმხრივ ფორმატში. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საერთო ხედვის შემუშავება ქ. რიგაში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ერთობლივ დეკლარაციასთან დაკავშირებით.

ასოცირებული სახელმწიფოები ხაზი გაუსვეს, რომ ასოცირების შეთანხმებების ხელმოწერის შედეგად მათი ევროკავშირთან ურთიერთობა და ზოგადად, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ განვითარების პროცესი ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. მათ აღნიშნეს, რომ ევროკავშირში სრული ინტეგრაცია ასოცირებული სახელმწიფოების საერთო მიზანს წარმოადგენს და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საგარეო გამოწვევების მიუხედავად, მზად არიან განუხრელად მისდიონ არჩეულ კურსს.

ამ კონტექსტში, ასოცირებული სახელმწიფოებმა ხაზი გაუსვეს აღმოსავლელი პარტნიორების მიმართ ევროკავშირის გაღრმავებული მიდგომის შემუშავების აუცილებლობას მათი ევროპული ამბიციების ხარისხის გათვალისწინებით და დიფერენციაციისა და „მეტი მეტისთვის“ პრინციპებზე დაყრდნობით.

ამ მიზნით, ასოცირებულმა სახელმწიფოებმა შეიმუშავეს საერთო ხედვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალთან, კერძოდ, ასოცირებული ქვეყნების მიმართ ევროკავშირის პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც მოიცავს თანამშრომლობის განვითარებას ისეთ პრიორიტეტულ სფეროებში, როგორიცაა სავაჭრო ურთიერთობები, მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ჩათვლით, სექტორული თანამშრომლობა და ა.შ. მათ, ასევე, ხაზი გაუსვეს რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის  მიზნით ევროკავშირის ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობას.

ასოცირებული სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ მჭიდრო თანამშრომლობასა და კოორდინაციას მოცემული საერთო ხედვის ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნებისთვის გაცნობის მიზნით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტამდე დაგეგმილი სხვადასხვა შეხვედრების ფარგლებში.

NE5A4236-t.jpgNE5A4239-t.jpgNE5A4246-t.jpgNE5A4249-t.jpgNE5A4287-t.jpgNE5A4290-t.jpgNE5A4293-t.jpgNE5A4314-t.jpgNE5A4334-t.jpgNE5A4357-t.jpg


პრესისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი
11 მარტი 2015