აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ხალხთა ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის შესახებ რეზოლუციის პროექტი განიხილა

2013 წლის 20 ნოემბერს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა განიხილა დემოკრატების ლიდერის, კონგრესმენ ელიოტ ენგელის მიერ 2013 წლის 12 ნოემბერს ინიცირებული რეზოლუციის პროექტი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ხალხთა ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის შესახებ (H.Res.402: Supporting the European aspirations of the peoples of the European Union's Eastern Partnership countries, and for other purposes).

დოკუმენტი მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს და აღნიშნავს, რომ დემოკრატიული, აყვავებული და სტაბილური აღმოსავლეთ ევროპა და კავკასიის რეგიონი აშშ-ს ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს და, ასევე მნიშვნელოვანია ნატო-ს და ევროკავშირისთვის.

პროექტში კენჭისყრის შედეგად შევიდა კონგრესმენ ენგელის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები და დოკუმენტის შესწორებული ვერსია კომიტეტის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით შემდგომი განხილვისთვის გადაეგზავნა წარმომადგენელთა პალატას.

საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით კონგრესმენმა ელიოტ ენგელმა განცხადებაც გაავრცელა:

„20 ნოემბერს, წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია H. Res. 402. ეს ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც მე წარვადგინე, მხარს უჭერს საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებს, რომლებიც მზად არიან გააღრმავონ ურთიერთობები ევროპასთან, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში. ნოემბრის ბოლოს, საქართველო მზადაა ევროკავშირთან ისტორიული შეთანხმების პარაფირებისთვის, რომელიც დაეხმარება მას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, ეკონომიკურ ზრდასა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში. ეს შეთანხმება შესაძლებელი გახდა იმ პროგრესის გამო, რომელიც საქართველომ დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტების დანერგვის კუთხით მიაღწია, და რომელიც ევროპასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისთვისაა აუცილებელი, ასევე, ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიანად და გამჭვირვალედ ჩატარების გამო.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველომ შეძლო დემოკრატიული გეზის გაგრძელება რუსეთის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად. ბოლო პერიოდში, რუსეთმა ბარიერები აღმართა საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც ჯერ კიდევ რჩებიან რუსული შენაერთები მიუხედავად რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებისა დააბრუნოს ჯარები 2008 წლის კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კვლავაც უნდა აღიმაღლოს ხმა საქართველოს სუვერენული უფლების დასაცავად თავად გააკეთოს საკუთარი არჩევანი, და უნდა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა, რადგან ის აშენებს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს საკუთარი ხალხისთვის"- ნათქვამია კონგრესმენის განცხადებაში.

2013 წლის 22 ნოემბერი
პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი