ბაქოში აზერბაიჯანი, საქართველო, ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრა გაიმართა

15.03.2018 ქ. ბაქო - ბაქოში ოთხმხრივ ფორმატში  აზერბაიჯანის, საქართველოს, ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა. ოთხი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნული ფორმატის ფარგლებში ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი და ხაზი გაუსვეს ოთხმხრივი თანამშრომლობის ფორმატის დაფუძნების მნიშვნელობას, როგორც  ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების, ასევე ზოგადად რეგიონის განვითარებისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს აღნიშნულ ფორმატში წარმოდგენილ ყველა ქვეყანასთან და მადლობა გადაუხადა მათ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ხაზი გაესვა ოთხივე ქვეყნის საერთო ინტერესს ხელი შეუწყონ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობის უზრუნველყოფას, რაც აისახა შეხვედრაზე მინისტრების ხელმოწერილ დოკუმენტში, სადაც ასევე ნათქვამია რომ მხარეები მტკიცედ უჭერენ მხარს კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაფუძნებით.

შეხვედრაზე აღინიშნა ახლად დაფუძნებული ფორმატის ფართო შესაძლებლობები სექტორული თანამშრომლობის განსავითარებლად ისეთ სფეროებში როგორიც არის ენერგეტიკა,  ტრანსპორტი, ახალი ტექნოლოგიები, ტურიზმის, ინფრასტრუქტურა და ა.შ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სატრანზიტო სფეროში ოთხმხრივ თანამშრომლობას, აღინიშნა ევროპა აზიის დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნების განვითარების  მიმართულებით ოთხივე ქვეყნის მზარდი პოტენციალი და ამ კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობა.

„ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ სამმხრივ ფორმატებში, თუმცა ოთხმრივ ფორმატში არსებობს ახალი შესაძლებლობები და ჩვენი სურვილია რომ ეს შესაძლებლობები იქნას მაქსიმალურად გამოყენებული რეგიონის  სტაბილურობისთვის, განვითარებისა და მეტი ხალხთაშორისი კონტაქტებისთვის. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ განცხადებას, რომელშიც განსაზღვრულია ის მიმართულებები, რომელიც ამ ფორმატისთვის სახელმძღვანელო იქნება და გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას რათა ამ მიმართულებებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ, ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს სატრანსპორტო კავშირების განვითარების კუთხით, პირველ რიგში კი ეს ეხება  სამხრეთ დასავლეთ სატრანზიტო  დერეფნის განვითარებას, სადაც საქართველოს, ოთხივე ქვეყანას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს“  - განაცხადა მინისტრმა შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მხარეები შეთანხმდნენ ოთხმხრივი ფორმატში სექტორული თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის შემუშავების მნიშვნელობაზე.

იხილეთ ერთობლივი განცხადება.