ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ურთიერთკავშირების განვითარების საკითხზე იმსჯელეს

12.07.2019 ქ. ბათუმი - ქ. ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის მეორე დღის პირველი მაღალი დონის სადისკუსიო პანელი ურთიერთკავშირების თემას მიეძღვნა.

თემატურ სესიას მოდერაცია გაუწია ევროპული ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ლიმ. მომხსენებლებმა იმსჯელეს ურთიერთკავშირების განვითარების და გაუმჯობესების საკითხებზე და რეგიონში გრძელვადიანი სტაბილურობისა და კეთილდღეობის შექმნაზე. აღსანიშნავია, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირმა წარმოადგინა საინვესტიციო სამოქმედო გეგმა, სადაც “აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვს ქვეყანაში განსახორციელებელი რამდენიმე პრიორიტეტული პროექტია იდენტიფიცირებული, ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში გაფართოების შესაბამისად.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საქართველოში მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობაში საქართველომ ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო, რომელიც ევროპისა და აზიის დასაკავშირებლად მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. მინისტრის თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, 2022 წლისთვის, როცა მსხვილი პროექტები დასრულდება, კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება საგარეო და შიდა კავშირების დასამყარებლად. ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ენერგო და ციფრული პროექტების განვითარების მნიშვნელობას. მაია ცქიტიშვილმა ღრმაწყლოვანი პორტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პორტი საქართველოს საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო კავშირების განვითარების საშუალებას მისცემს.

მაღალი დონის სადისკუსიო პანელის მომხსენებლები იყვნენ ასევე უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი და მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი.