ჩინეთში ანსამბლ "ერისიონი"-ს კონცერტი გაიმართა

6.09.2019 ჩინეთი- ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ორგანიზებით, პეკინის ცეკვის აკადემიის დარბაზში, გაიმართა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ "ერისიონი"-ს კონცერტი.
 
წარმოდგენის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, ჩინეთში საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით, მსგავსი ღონისძიებების გამართვის აუცილებლობა და კულტურის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობა.
 
წარმოდგენას ასევე ესწრებოდნენ, ჩინეთის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი მედიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
 
აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს , ასევე, ქართული კომპანიების "Georgia Selections" და "შილდა"-ს მხარდაჭერით.