დანიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებზე სემინარი გაიმართა

 
4.09.2019   დანია- დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, დანიის სამეფო თავდაცვის კოლეჯში გაიმართა სემინარი შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებზე. სემინარი გახსნა თავდაცვის კოლეჯის კომენდანტმა, ადმირალმა ჰენრიკ რიუბერგმა, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას ევროპულ უსაფრთხოებაში.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა დანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიგი გიგიაძემ. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ასევე რეგიონის სატრანზიტო შესაძლებლობების ეფექტური გამოყენების კუთხით, მან ისაუბრა საქართველოს მონაწილეობით მიმდინარე მნიშვნელოვან სატრანსპორტო და ენერგო პროექტებზე.

გიგი გიგიაძემ მონაწილეთა ყურადღება გაამახვილა  ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და რუსეთის ქმედებეზე, მათ შორის შავი ზღვის რეგიონში.  ელჩმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებულ ნატო-ს ღონისძიებებში.
სემინარის ფარგლებში მოხსენებები გააკეთეს საქართველოს, თურქეთის, რუმინეთისა და უკრაინის ელჩებმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ  დანიის სამეფოს  სახელმწიფო უწყებების, ანალიტიკური ცენტრებისა და აკადემიური ინსტიტუტების წარმომადგენლები.