დავით დონდუა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

14.09.2018 - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.

მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში მიმდინარე უკანონო პროცესების შესახებ. მან ხაზი გაუსვა მიმდინარე ოკუპაციის, ფაქტობრივი ანექსიისა და ეთნიკური წმენდის მიმართულებით რუსეთის უკანონო პოლიტიკის მძიმე შედეგებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ყურადღება გამახვილდა გალისა და ახალგორის რაიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ რთულ მდგომარეობაზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობაზე. 
 
დავით დონდუამ შეშფოთება გამოხატა რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც ძირს უთხრის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრებს ისევე, როგორც მთლიანად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს. მან ხაზი გაუსვა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრის საქმეში.
 
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის, მნიშვნელოვან როლზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარებაში, განსაკუთრებით, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების იმპლემენტაციის უზრუნველყოფაში.