დავით ზალკალიანი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარს, იოჰანეს ჰანს შეხვდა

03.09.2018 თბილისი - 2018 წლის 3 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შეხვდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარს, იოჰანეს ჰანს, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული პრიორიტეტები, დადებითად შეაფასეს ასოცირების შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა. ევროკომისარმა განსაკუთრებით დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული მყისიერი ზომები შენგენის სივრცის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. მინისტრმა ევროკავშირის დელეგაციას გააცნო მთავრობის ინიციატივის - ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკის - შემუშავების მიმდინარეობა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2018 წლის ნოემბერში დაგეგმილ საქართველოს მთავრობასა და ევროკომისიის კოლეგიას შორის უმაღლეს დონეზე შეხვედრაზე და ხაზი გაუსვეს მოსამზადებელი პროცესის ეფექტიანად წარმართვის მნიშვნელობას. შეხვედრაზე განხილული იქნა რეგიონში არსებული ვითარება.
 
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის საკითხზე. მინისტრმა ევროკავშირის დელეგაციას გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ის მძიმე ფონი, რომელიც რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის შედეგია. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში მყოფი პირების მიმართ გათვალისწინებული სანქციების საერთაშორისო საზოგადოების მიერ მხარდაჭერის მნიშვნელობას. დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის განსაკუთრებულ როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში და ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივის -„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“- განხორციელებაში ევროკავშირის ჩართულობაზე.
 
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, მადლობა გადაუხადა ევროკომისარს თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ გახსნაში შეტანილი დიდი წვლილისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოში ევროპული სკოლის გახსნა არის პირველი რეალიზებული შედეგი იმ ამოცანებიდან და მიზნებიდან, რომლებიც დასახული იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ბრიუსელის სამიტზე 2017 წლის ნოემბერში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა დავით ზალკალინაის და იოჰანეს ჰანის ერთობლივი პრესკონფერენცია.
 
2018 წლის 3-4 სექტემბერს, ევროკომისარი ჰანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები, 4 სექტემბერს კი ის მონაწილეობას მიიღებს  თბილისში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ევროპული სკოლის საზეიმო გახსნის ცერემონიაში.