დავით ზალკალიანი ფინეთის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

18.11.2017 ქ. თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ფინეთის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. 

საკუთარ გამოსვლაში დავით ზალკალიანმა ფინეთის მთავრობასა და ფინელ ხალხს მიულოცა საიუბილეო თარიღი და მშვიდობა, სტაბილურობა და წარმატება უსურვა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საქართველოსა და ფინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობა მნიშვნელოვნად განვითარდა.

დავით ზალკალიანმა ფინურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ხანგრძლივი და ურყევი მეგობრობა და პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება ერთობლივი ძალისხმევით შედეგად. საქართველო არის და ყოველთვის იქნება ფინეთის სანდო პარტნიორი“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აღსანიშნავია, რომ ფინეთის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონცერტი ფინელი მუსიკოსების მონაწილეობით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა.