დავით ზალკალიანი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

2019 წლის 7 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა  შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ტადაჰარუ უეჰარასთან.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს და იაპონიას შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრი. საუბარი შეეხო იაპონიის „კავკასიის ინიციატივას“ რომლის ფარგლებში ქვეყნები თანამშრომლობენ ინფრასტრუქტურის განვითარების, ადამიანური რესურსების და საქართველოში იაპონური კერძო ბიზნესის მოზიდვის მიმართულებებით.

შეხვედრისას საუბარი შეეხო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას, მაღალი დონის ვიზიტებს, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის და კულტურის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის კონკრეტულ პროექტებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა უაღრესად დადებითად შეაფასა საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და აღნიშნა, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.

იაპონიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა იაპონიის მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და აღნიშნა, რომ იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ცვლილების ნებისმიერ მცდელობას.

ასევე, დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა იაპონიის ელჩს იაპონიის მთავრობის მიერ, წლების განმავლობაში, საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარებისთვის და გამოთქვა იმედი, რომ დაგეგმილი პროექტები წარმატებით განხორციელდება.