ტოლერანტობის თვალსაზრისით, საქართველო სამაგალითოა მთელი მსოფლიოსთვის - დავით ზალკალიანი

18.07.2019 ვაშინგტონი -  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანი ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლებისადმი მიძღვნილ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა.

თავის გამოსვლაში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს, როგორც მულტიკულტურული და მულტიეთნიკური ქვეყნის გამოცდილებაზე, რომლის ისტორიაც სამაგალითოა მთელი მსოფლიოსთვის უნიკალური ტოლერანტობის თვალსაზრისით.  როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საუკუნეების განმავლობაში, საქართველოში ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანად თანაცხოვრობენ და ვითარდებიან სხვადასხვა ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლები. მისი თქმით, მრავალფეროვნების მიმართ ტოლერანტობა ორგანულია საქართველოსთვის. ის ქართველი ერის ცხოვრების წესის განმსაზღვრელი ელემენტი და ის ღირებულებაა, რომელსაც ევროპული საზოგადოება ეფუძნება და რომელიც „უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით“.  

როგორც მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა რელიგიის აბსოლუტური თავისუფლება და თანასწორობა საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და უზრუნველყოფილი პრინციპებია, ხოლო ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ამ პრინციპების ცხოვრებაში გატარებას უზრუნველყოფს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დამსწრე საზოგადოების ყურადღება რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების, მათ შორის რელიგიური თავისუფლების დარღვევისა და ხელყოფის ფაქტებზეც გაამახვილა. მისი თქმით, 2008 წლის სამხედრო აგრესიისა და ოკუპაციის შემდგომ, ოკუპირებულ რეგიონები ე.წ. შავ ხვრელებად იქცა. ადგილზე ილახება როგორც ქართველ მორწმუნეთა, ისე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელთა უფლებები, რომელთაც წლებია არ ეძლევათ ამ ტერიტორიებზე ღვთისმსახურების აღსრულებისა და რელიგიურ ღონისძიებებსა და დღესასწაულებში მონაწილეობის საშუალება. საოკუპაცო რეჟიმების მხრიდან აღმართული მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების გამო,  მშვიდობიან მოსახლეობა ვერ ახერხებს წინაპართა საფლავების მონახულებას.

დავით ზალკალიანმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ისტორიული ძეგლებისა და რელიგიური ტაძრების დაზიანებისა და დამახინჯების ფაქტებზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, ამ გზით საოკუპაციო რეჟიმი ქართული ისტორიულ-კულტურული კვალის წაშლას ცდილობს. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან წვდომა არ გააჩნიათ.

„საქართველო კვლავ ერთგულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების და ცალმხრივ ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით. ვსარგებლობ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას მკაფიოდ დაუფიქსიროს რუსეთს, რომ მისთვის მიუღებელია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული რუსეთის პოლიტიკა“ - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

რელიგიური თავისუფლების მინისტერიალის მონაწილეებს ზალკალიანმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მზაობა მომავალშიც შეასრულოს შუამავლის როლი სხვადასხვა რელიგიურ თუ კულტურულ თემებს შორის დიალოგისა და ნდობის გაღრმავებაში, რასაც ჩვენი ქვეყანა ისტორიულად წარმატებით ართმევდა თავს.
რელიგიური თავისუფლების საკითხზე საერთაშორისო მინისტერიალს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მასპინძლობს. ღონისძიებას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოწვევით სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან. კონფერენციის მონაწილეებს მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა.