დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

15.03.2019 ქ. თბილისი-  საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, შეხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან.
 
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას საკითხს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს აღნიშნული მოქალაქე უკანონოდ დააკავეს რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა და გადაიყვანეს რუსეთის სამხედრო ბაზაზე სოფელ ნაბაკევში. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე ელოდება ექსპერტიზის დასკვნას და იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, რათა მოხდეს გარდაცვალების ობიექტური გარემოებების დადგენა და სათანადო ზომების მიღება.
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების შელახვამ, მათ შორის, სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევებმა მიიღო გარკვეული ტენდენციის სახე. ამ კონტექსტში აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოებისა და განსაკუთრებით თანათავმჯდომარეების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა, რათა უზრუნველყოფილ იქნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის პრევენცია.
 
ამ ფონზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ფუძმებდელური პრინციპების თანახმად, განახლების აუცილებლობა.

ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზთან სოფელ ხურვალეთში განვითარებული მოვლენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და აღინიშნა, რომ  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე ახორციელებს ვითარების მონიტორინგს.
 
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეშფოთება გამოთქვა ბოლო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების გახშირებული ფაქტების გამო.
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის როლისა და წვლილისთვის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში და აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.