დავით ზალკალიანი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

08.08.2018 -  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბატონ ძი იენჩისთან.
 
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობის აქტუალური თემები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. საუბარი შეეხო პოლიტიკური და ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს.
 
შეხვედრაზე ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზების დიდ მნიშვნელობას, მათ შორის საქართველოს მონაწილეობას ა.წ. 30-31 აგვისტოს ჩინეთის ქ. ურუმჩიში დაგეგმილ ჩინეთ-ევრაზიის გამოფენაში და ა.წ. 5-10 ნოემბერს ჩინეთის ქ. შანხაიში დაგეგმილ საერთაშორისო საიმპორტო გამოფენაში.


საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა ჩინეთის მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ურყევი პოზიციის გამო და, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მხარის ერთგულება „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი.
 
ძი იენჩიმ დავით ზალკალიანს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების დიდი იმედი გამოთქვა.