დავით ზალკალიანის შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში

12.09.2018 ქ.თბილისი -  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტად მყოფ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვეს მიჩელთან.
 
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი ვიზიტის დეტალებს.
 
აშშ-ის მხარემ დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას და აშშ-ის ჩართულობას კონფლიქტის მოგვარების საკითხში.
 
ვეს მიჩელმა მადლიერება გამოხატა ქართული მხარის მიერ საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.