დავით ზალკალიანის შეხვედრა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრთან

22.06.2018 ქ.თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს ტორკუატო ჟარდიმს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობებში არსებული აქტუალური საკითხები, ასევე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი  გაღრმავების პერსპექტივები. კმაყოფილებით აღინიშნა ბოლო პერიოდში ჩატარებული მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების დინამიკა და ორმხრივი სახელშეკრულებო ბაზის სრულყოფის მიმართულებით გაწეული მუშაობა.
 
დავით ზალკალიანმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისა და ამ მხრივ მიღწეული შედეგების შესახებ. საუბარი შეეხო აგრეთვე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას. აქვე, დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ბრაზილიის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.
 
შეხვედრაზე აღინიშნა გაერო-ს ფარგლებში არსებული წარმატებული თანამშრომლობა. ყურადღება გამახვილდა მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებისა და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ამ კონტექსტში, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ტორკუატო ჯარდიმს გააცნო OGP-ის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პრიორიტეტები და მიესალმა ბრაზილიის მონაწილეობას მ.წ. ივლისში ქ. თბილისში დაგეგმილ OGP-ის სამიტში.
 
ბრაზილიის იუსტიციის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ორგანიზებულ დანაშაულთან (მათ შორის, ნარკოტიკული ნივთიერებებისა და იარაღის უკანანო ვაჭრობა, ტრეფიკინგი და ფულის გათეთრება), ტერორიზმთან და კორუფციასთან ბრძოლისა და კიბერ-უსაფრთხოების საკითხებს. მან ასევე ხაზი გაუსვა სამართლებრივი კუთხით თანამშრომლობის მნიშვნელობას.  
 
დავით ზალკალიანმა ბრაზილიურ მხარეს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ. ბრაზილიური მხარის ინტერესის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ გამოხატა რეფორმების გამოცდილების გაზიარების მზადყოფნაც.