დღეს, ლონდონში საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერება ხელი

21.10.2019 - დღეს, ლონდონში ხელი მოეწერება  საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირიდან გაერთიანებული სამეფოს გასვლის შემდგომ ამოქმედდება.

სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების გასაფორმებლად ლონდონს ეწვია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, შეთანხმება ბრექსიტის შემდგომ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში  ჩაანაცვლებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას.
დოკუმენტი  მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს და ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს  სტრატეგიული პარტნიორობისთვის,  ასევე, უზრუნველყოფს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შენარჩუნებას საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის.

მისი შეფასებით, საქართველოს და გაერთიანებულ სამეფოს დიდი ხანია სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ და გაერთიანებული სამეფო, როგორც ერთ-ერთი მთავარი გლობალური აქტორი, საქართველოს აქტიური მხარდამჭერია. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რომელთანაც გაერთიანებული სამფო მსგავსი სახის შეთანხმებას აფორმებს.