დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის წინაშე სიტყვით გამოვიდა

10.09.2019 დიდი ბრიტანეთი-დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლბეიანმა ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელის, ჯონათან ჯანოგლის, სპეციალური მიწვევით სიტყვით მიმართა საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის წევრებს.

თამარ ბერუჩაშვილმა ბრიტანულ მხარეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის მიერ დესტრუქციულ და უკანონო ქმედებაზე, მცოცავ ანექსიასა და ბორდერიზაციის პროცესზე, ასევე რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის 2019-2020 წლის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის 2020 წელს დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი „ქართული სეზონის“ მზადება და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მონაწილეობით მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, ლონდონში უორდროპის სტრატეგიული დიალოგის საპარლამენტო განზომილების ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე, პარლამენტში ბრექსიტთან დაკავშირებული პროცესების მიუხედავად.

შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა ხაზი გაუსვა ბრიტანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობასა და გააქტიურებას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ დონეზე, მათ შორის ბრექსიტის შემდგომ ბრიტანელი მონიტორების მონაწილეობის მნიშვნელობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, ასევე ბრიტანეთთან სავიზო პოლიტიკის სირთულეებისა და გაუმჯობესების აუცილებლობის შესახებ.

ასევე, ელჩმა ისაუბრა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაზე და პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სამთავრობო პრიორიტეტებზე, რომელშიც უმთავრესი ადგილი უკავია საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციას და ქვეყნის დეოკუპაციას.

მასპინძლების მხრიდან განსაკუთრებულად აღინიშნა, რომ, მიუხედავად რეგიონში არსებული გამოწვევებისა და საქართველოს რეგიონების ოკუპაციისა, საქართველო არის რეგიონში სტაბილურობის, დემოკრატიული პროგრესის, ეკონომიკური ზრდისა და საუკეთესო საინვესტიციო კლიმატის მქონე ქვეყანა. ბრიტანელმა პარლამენტარებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მტკიცე მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტის, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის პროროგირებამდე (საკანონმდებლო ორგანოს მოწვევის გადადება) ერთი დღით ადრე დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობა ხაზს უსვამს ბრიტანელი პარტნიორების მზარდ ინტერესსა და საქართველოსადმი უპირობო მხარდაჭერას.