ელჩების კონფერენციის ფარგლებში 2019-2022 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტი განიხილეს

„ელჩების კონფერენციის“ ფარგლებში 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის პროექტი განიხილეს. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კონფერენციის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა ეს არის საგარეო პოლიტიკის პირველი სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ეროვნული დონის დოკუმენტი იქნება და ის შემუშავდება უწყებათაშორისი საბჭოს მიერ. მისივე თქმით დოკუმენტზე მუშაობა გაგრძელდება და გათვალისწინებული იქნება ის რეკომენდაციები რაც სტრატეგიის ირგვლივ სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდა.

„ჩვენი მიზანია სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში რაც შეიძლება ფართო ჩართულობის უზრუნველყოფა, როგორც ჩვენი დიპლომატიური მისიების, ისე მთავრობის, პარლამენტისა და საექსპერტო წრეების მხრიდან. ჩვენ ვუზრუნველყავით ის, რომ ამ დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული იყოს სამოქალაქო საზოგადოება, ელჩების კონფერენციის ფარგლებში გვქონდა მათთან შეხვედრა, რა დროსაც მათი მხრიდან მოვისმენით ძალიან ღირებული წინადადებები და ბუნებრივია შევეცდებით, რომ მაქისმალურად იყოს გათვალისწინებული ყველა ის პოზიცია და რეკომენდაცია, რაც იყო მათი მხრიდან წარმოდგენილი“ - განაცხადა მინისტრმა.

მისი განცხადებით სტრატეგიის მიხედვით განსაზღვრულია საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, რომელთა შორის უმთავრესად რჩება ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია, დემოკრატიული კონსოლიდაცია და საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცება, მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა, ასევე დიასპორასთან კავშირების გაღრმავება და საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვა.

აღნიშნული სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზებად განსაზღვრულია მათ შორის, ორმხრივი და მრავალმხრივი დიპლომატიის გააქტიურება. ამ კუთხით უმთავრეს პრიორიტეტად რჩება აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცება; ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება და სტრატეგულ პარტნიორობაზე ორიენტაცია; ქმედითი და დაბალანსებული რეგიონალური პოლიტიკის გატარება; ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება მსოფლიოს სხვა რეგიონებთან.

საზღვარგარეთ საქართველოს პოზიტიური იმიჯის პოპულარიზაციისთვის, კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა კულტურული დიპლომატია, ისევე როგორც სტრატეგიული კომუნიკაციები, რომელსაც უმნიშვნელოვანესი და არსებითი როლი აქვს საგარეო პოლიტიკის მიზნების მიღწევაში, მათ შორის საგარეო პოლიტიკური მიზნების მიმართ საზოგადოების მხარდაჭერის კონსოლიდირებაში და სხვა.

მინისტრის ინფორმაციით ყველა ამ მიმართულებაზე და სტრატეგიის მიზნების განხორციელებისთვის შემუშავებული იქნება ყოველწლიური სამოქმედო გეგმა.

„ელჩების კონფერენცია 2018“ 2018 წლის 18-21 დეკემბერს გაიმართა, მასში მონაწილეობა მიიღეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელებმა.